არჩევნები 2024

აგვისტოს ომის გმირის ცოლი: ბოდიში რისთვის, ტყვედ ჩავარდილი ბიჭების წამებისთვის?

"ბოდიში რისთვის, ტყვედ ჩავარდილი ბიჭების წამებისთვის?" - აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, თამაზ ნიკიტინის მეუღლე მარი სამუშია ივანიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. 

"ბოდიში? - რისთვის ხალხო, ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის, ჩვენი ბიჭების უმოწყალოდ წამებისთვის?! ომის ვეტერანებს რა ვუთხრათ?! მადლობა უთხარით იმათ, რომ ცოცხლები გადარჩით თქო?!

ტყვედ ჩავარდილი ბიჭების წამებისთვის? (ჩვენი მხრიდან, წამების ერთი ფაქტი არ არსებობს) რომლებსაც დღემდე სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქვთ ქცეული?!

და ყველაზე მთავარი - ჩვენს შვილებს რა ვუთხრათ?! - მამაშენი ჩვენი ქვეყნის დაცვას კი შეეწირა, მაგრამ შენ ბოდიში გაქვს მოსახდელი თქო?!

ბოდიში ბიჭებო, რომ დღეს საფლავებში მშვიდად ვერ განისვენებთ" - წერს სამუშია. 

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად, რადგან მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". 

კომენტარები