საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი

მინისტერიალის ფარგლებში, ჩიქოვანმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის ორმხრივი შეხვედრები თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან, იაშარ გიულერთან და გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან, 2024 წლის 10 სექტემბერი
თავდაცვის სამინისტრო/BeFunky

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან, იაშარ გიულერთან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩიქოვანმა გიულერს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე თურქეთის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, სამხედრო-საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობას. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში თურქეთის წვლილი.

აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრაზე, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, სამხედრო განათლების საკითხები განიხილეს.

ორივე შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები.

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი ქალაქ ბათუმში მიმდინარეობს.

კომენტარები