Ozon

"რუსულმა ამაზონმა" OZON.RU-მ საქართველოში მიტანის სერვისი დაამატა

Ozon.ru

უმსხვილესმა რუსულმა ონლაინ მაღაზიამ, Ozon.ru-მ საქართველოში ოფიციალური მიტანის სერვისი დაამატა.

Ozon.ru-ს გაცემის პუნქტებზე, კომპანიები GBS Export და Georgia CB ოპერირებს. 

ოზონის პროდუქციის გამოწერა თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბორჯომში, თელავში, გორში, ფოთში, გურჯაანსა და ბათუმში არის შესაძლებელი. აღნიშნულ ქალაქებში მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება ე.წ. "კარამდე მიტანის" სერვისი.

მიტანის დრო ამ ეტაპზე 14 დღეს შეადგენს, თუმცა კომპანიის განცხადებით დროთა განმავლობაში გამოწერილი პროდუქტების მიღებას მომხმარებელი უფრო მცირე დროში შეძლებს.

თბილისის მისამართზე პროდუქციის გამოწერის შესაძლებლობა Ozon.ru-ს მომხმარებლებს ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ შეეძლოთ. კომპანიის წარმომადგენელმა ადგილობრივ რუსულენოვან მედია Paper Kartuli-ს უთხრა, რომ "სრულ გაშვებაზე საუბარი ნაადრევია".

Ozon.ru-ს აქციების უმსხვილესი პაკეტი კომპანია სისტემას ეკუთვნის, რომლის მფლობელი დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ჩეხეთში, უკრაინასა და ახალ ზელანდიაში სანქცირებული რუსი მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკოვია. 

კომენტარები