არჩევნები 2024

ო'ბრაიენი: ოცნება რეალობას უარყოფს, ხალხს ეუბნება, რომ ყველაფერი რიგზეა, როცა არ არის

ECFR

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში რუსულ კანონზე, ოქტომბრის არჩევნებსა და ქართული ოცნების ანტიდასავლურ განცხადებებზე ისაუბრა. ო'ბრაიენის თქმით, კანონი ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ხოლო ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა ხელს აძლევს რუსეთს, მოიპოვოს უპირატესობა საქართველოს საინფორმაციო სივრცეში. 

ო'ბრაიენის თქმით, რუსული კანონი ფუნდამენტურად ნაკლოვანია და არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ პრაქტიკას. 

"ისეთი სამთავრობო სააგენტოს არსებობა, რომელიც არსებითად აიძულებს [ორგანიზაციას] რეგისტრაციას, და ამ ორგანიზაციაში არსებულ ყველა მონაცემზე მიუწვდებოდეს ხელი, არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ პრაქტიკას. საქართველომ აირჩია აემოქმედებინა კანონი ამ გზით, რამაც ევროკავშირსა და ნატოში მისი გაწევრიანების პერსპექტივას უდიდესი ზიანი მიაყენა. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია."

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს იგი ოცნების განცხადებებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, ო'ბრაიენმა უპასუხა, რომ "ერთ პარტიას არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს, რომელს სხვა პარიას აქვს მასთან კონკურენციის უფლება". მისი თქმით, ეს მოქალაქეების გადასაწყვეტია და არა მთავრობის, თუ რომელი პარტიები მიიღებენ მანდატებს პარლამენტში. 

ო'ბრაიენმა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე რუსეთის მავნე ზეგავლენების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ქართული ოცნების ქმედებები, მათ შორის, რუსული კანონის ამოქმედება, მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს, მოიპოვოს დომინირება საქართველოს საინფორმაციო სივრცეზე, განსაკუთრებით, არჩევნების პერიოდში. 

"მთავრობა ურთულებს საკუთარ მოქალაქეებს თვითორგანიზებას, საქართველოს დიდი ხნის მეგობრებს კი - ევროპასა და შეერთებულ შტატებში - საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ამ გარემოში, თუკი მთავრობა წარმატებული იქნება, რომ ლამის მთლიანად უარყოს ყველა ამ ჯგუფისთვის რესურსებზე წვდომა, ინფორმაციის მხოლოდ რუსული წყაროები გადარჩებიან. ასე რომ, რაც უნდა ყოფილიყო აქამდე, რასაც მთავრობა ახლა აკეთებს, რუსეთს ეს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს."

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის რიტორიკისა, რომ იგი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაშია, აშშ-ს ოლიგარქი არ დაუსანქცირებია. 

"ჩვენ არ დაგვისანქცირებია ბატონი ივანიშვილი. ის იმეორებს, ამტკიცებს, თითქოს ეს გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს რეალობასთან აცდენაა."

ო'ბრაიენმა ასევე გამოხატა უიმედობა, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ანტიდასავლური კურსი შეიცვალოს. მისი თქმით, მთავრობა, ევროკავშირისგან და აშშ-სგან მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარების შეჩერების ფონზეც კი, ამომრჩეველს არწმუნებს, რომ "ყველაფერი რიგზეა, როცა ყველაფერი რიგზე არ არის". 

"ისინი უარყოფენ [რეალობას], არ აღიარებენ მას. მათ არ შეუმჩნევიათ, რომ ჩვენ დახმარების 95 მილიონი დოლარი შევუწყვიტეთ. ევროკავშირმა დაახლოებით ამდენივე ოდენობა შეუზღუდა. ევროკავშირიც ამბობს, რომ ვერ წახვალთ წინ ევროპისკენ. და “ქართული ოცნება” ცდილობს უთხრას თავის ამომრჩეველს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ყველაფერი რიგზეა. არა, ყველაფერი რიგზე არაა."

ბოლოს, ო'ბრაიენმა პრემიერმინისტრ კობახიძის განცხადებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ხოლო ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმას თავად ოპოზიცია გეგმავს. ო'ბრაიენის თქმით, ეს განცხადებები უკვე "სოციალური მედიის შეშლილ გვერდს ემსგავსება". 

"თუკი ჩვენ რაიმე საფრთხის შესახებ გვეცოდინებოდა, დავეხმარებოდით მის აღკვეთაში. ამ კუთხით, უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსთან ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო. მსგავსი საფრთხის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. რაც შეეხება ადამიანების მიერ საკუთარ თავზე თავდასხმას, ეს არ ჟღერს ისეთ რამედ, რაც პოლიტიკური ოპონენტისგან უნდა დაიჯერო. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე ეს უკვე სოციალური მედიის შეშლილ გვერდს ემსგავსება."

კომენტარები