ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

1972 წლის მიუნხენის ტერაქტის 52 წლის თავზე მიუნხენში ისრაელის საკონსულოს თავს დაესხნენ

ისრაელური გამოცემა Times Of Israel-ის ცნობით, 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი ტერორისტული აქტის 52 წლის თავზე მიუნხენში ისრაელის საკონსულოს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა. 

ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. თავდამსხმელი, რომელმაც იარაღით საკონსულოს მახლობლად რამდენჯერმე გაისროლა, გერმანიის უსაფრთხოების ძალების მიერ უკვე ლიკვიდირებულია. 

ისრაელელი დიპლომატები და საკონსულოში მომუშავე პერსონალის წევრები სროლის შედეგად არ დაშავებულან. 

ცნობისთვის, 1972 წლის ოლიმპიური თამაშების დროს 8 პალესტინელმა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება შავ სექტემბერთან იყვნენ დაკავშირებული, მიუნხენში ისრაელელი ოლიმპიური ათლეტები მძევლად აიყვანეს და სანაცვლოდ ისრაელისა და გერმანიის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. გერმანიის პოლიციასა და ტერორისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ტერორისტებმა 11 ისრაელელი ათლეტი და ერთი გერმანელი პოლიციელი მოკლეს. 

კომენტარები