მართლმადიდებელი ეკლესია

ხაზარაძე ოცნების ინიციატივაზე: სხვა პასუხს არც ველოდი მღვდელმთავრებისა და საპატრიარქოსგან

"რა თქმა უნდა, სხვა პასუხს არც ველოდი ჩვენი მღვდელმთავრებისგან და საპატრიარქოსგან" - ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა ხელისუფლების ინიციატივაზე, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის "სტატუსის გაძლიერებას" გულისხმობს. 

"მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი სატყუარა, ვითომ ემოციაზე ნამუშევარი და მრევლზე ნამუშევარი, სასულიერო დასზე ნამუშევარი შეთავაზება, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ეკლესიის დამოუკიდებლობის დაქვემდებარება სახელმწიფოზე, რაც არის დაუშვებელი. ჩვენ ვართ სეკულარულ ქვეყანაში და ჩვენი ეკლესია, საპატრიარქო უნდა იყოს დამოუკიდებელი.

[...] ეს არის დაახლოებით იგივე სცენარი, რუსული სცენარი, რაც რუსული კანონის შემთხვევაში მოქმედებს. მათ უნდათ, დაიმორჩილონ სამოქალაქო სექტორი. რა თქმა უნდა, სხვა პასუხს არც ველოდი ჩვენი მღვდელმთავრებისგან და საპატრიარქოსგან" - თქვა ხაზარაძემ. 

29 აგვისტოს, ეპისკოპოსები საპატრიარქოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განსახილველად შეკრიბეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა - "მოსყიდვის არა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ცოტა კეთილად რომ ვილაპარაკოთ, ეს არის რაღაც წინასაარჩევნო პროგრამა მათი და შემოთავაზება". 

საპატრიარქოს პრესსმიპერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით კი, "სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, ასე ვთქვათ, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას და ამაზე მღვდელმთავრების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მისაღებია". 

კომენტარები