ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ეს სადავო კანონი, რომელსაც დღეს ვასაჩივრებთ შეეხება მათ შორის, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საბჭოთა წარსულს იკვლევენ, არქივებთან მუშაობენ, ნაწამები და დახვრეტილი ადამიანების საქმეებს ასაჯაროებენ, ჩვენი ეროვნული მეხსიერების გადარჩენაზე მუშაობენ. არც ის არის შემთხვევითი, რომ იმ ორგანიზაციებსაც შეეხება, ვინც რეპრესიების მსხვერპლთა უფლებებს იცავენ და არც ის არის შემთხვევითი, რომ კანონი, რომელზეც ჩვენ ახლა ვდავობთ აგენტად აცხადებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე აგროვებენ და ასაჯაროებენ მტკიცებულებს. დიახ, ეს არის რეალობა, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როდესაც სახელმწიფო დევნიდა აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფებს და სადამდე მიიყვანა ამ ყველაფერმა სახელმწიფო. მიიყვანა 70 წლიან პერიოდამდე, როდესაც მოქალაქეს ყველაფერი ეკრძალებოდა, გარდა სახელმწიფოს მორჩილების და მსახურებისა და ამას მკაცრად აკონტროლებდა აზრის პოლიცია.
შეიძლება, ვინმეს ისიც ჰგონია, რომ ჩვენ დაგვავიწყდა ილიას გზა, რომელიც სწორედ სამოქალაქო საზოგადოების შექმნაზე, ქვემოდან ზემოთ ცვლილებებზე გადის, განათლების, პროფესიონალიზმის, ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური საზოგადოებრივი ჩართულობის გზით.
[...] დღეს აქ დავსვამ კითხვას - საიდან აქვს რომელიმე ხელისუფალს მორალური, გნებავთ სამართლებრივი უფლება, გაიმეოროს ამ ქვეყანაში [37-იანი წლების] რეპრესიული წარსული?! საიდან აქვს, ან რა ლეგიტიმაცია აქვს, რომ ათასობით მოქალაქე მტკიცებულებების, სასამართლოს გარეშე გამოაცხადოს უცხოდ, არათავისად, საეჭვოდ, უსამშობლოდ და მოღალატედ. გამოაცხადოს ასეთებად ის ადამიანები, რომლებიც ერთადერთ საქმეს ემსახურებიან ამ ქვეყანაში - თავიანთი თანამოქალაქეების უსასყიდლოდ მხარდაჭერას და დახმარებას.





