29 აგვისტოს, ისტორიაში პირველად საკუთარ ტერიტორიაზე ბელარუსმა რუსული კამიკაძე დრონი ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინული და ბელარუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.
გავრცელებული ცნობებით, 29 აგვისტოს, გვიან ღამით რუსეთის მიერ უკრაინის ოლქებისკენ გაშვებული შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონებიდან ერთ-ერთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და, კერძოდ, იელსკის რაიონში შეფრინდა.
დრონი ბელარუსის საჰაერო ძალებმა 20-წუთიანი დევნის შემდეგ ჩამოაგდეს.
ცნობისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბელარუსის საჰაერო თავდაცვის ძალებმა საკუთარ ტერიტორიაზე ნამდვილი სამხედრო სამიზნე - რუსული, შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს.
28 ივნისს, გვიან ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო იერიში ბოლო კვირაში უკვე მესამედ მიიტანა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგიი პოპკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 10-ზე მეტი დრონის განადგურება შეძლეს.
პოპკოს ცნობით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები დედაქალაქის სამ რაიონში, მათ შორის, ჰოლოსივსკიში, დნიპროვსკისა და დესნიანსკიში ჩამოვარდა, ხოლო დესნიანსკიში ნამსხვრევები ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
კიევის გარდა რუსეთმა იერიში უკრაინის სხვა ოლქებზეც მიიტანა. 29 აგვისტოს ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ხარკოვის, ჩერკასის, კიროვოგოროდის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, სუმისა და დონეცკის ოლქებში 60 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 2 მართვადი ავიაბომბი გაანადგურა.





