არჩევნები 2024

ვინ მღერის ოცნების მხარდამჭერ კონცერტებზე

არჩევნები 2024

ვინ მღერის ოცნების მხარდამჭერ კონცერტებზე

ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში მმართველი პარტიის მხარდამჭერი კონცერტები ტარდება.

პირველი კონცერტი ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22 აგვისტოს გაიმართა.

ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ ჯგუფი ფორტე, ზუკა ხუციშვილი და ბენდი, მირზა მოდებაძე, გიორგი კელაპტრიშვილი და ცირა კობიაშვილი, ხოლო კონცერტის წამყვანი თამუნა გომელაური იყო.

"ჩვენ კარგად ვიცით, როგორც ყველაზე ბრძენმა, ღირსეულმა და გონიერმა ადამიანებმა, რომ 26 ოქტომბერს არ არის უბრალოდ სტანდარტული არჩევნების დღე, ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვირჩევთ ომსა და მშვიდობას შორის და ჩვენ ვირჩევთ ქართულ ოცნებას, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას!" - მიმართა გომელაურმა ღონისძიებაზე დამსწრეებს.

24 აგვისტოს კონცერტი გაიმართა ცაგერში, სადაც ანსამბლმა შვიდკაცამ, ბანმა და ჯგუფმა რეზო და ბავშვები, ასევე სალომე ბაკურაძემ და დათუნა მგელაძემ იმღერეს.

ოცნების მხარდამჭერი ღონისძიებები ამბროლაურისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში 26 აგვისტოს ჩატარდა.

ამბროლაურში შეკრებილების წინაშე გურამ მაკალათია(გუფი) წარდგა.

"საქართველოს გაუმარჯოს, ქართულ ოცნებას გაუმარჯოს". - მიმართა ბენდ Goofy Land-ის წევრმა შეკრებილებს.

დუშეთში ქართული ოცნების მხარდამჭერ კონცერტზე გამომსვლელთა შორის იყვნენ: ბენდი NEW ONE, ანსამბლი ქართული ხმები, მანანა თოდაძე, გიორგი წიკლაური და მარიტა როხვაძე.

27 აგვისტოს კონცერტი გაიმართა ონში, სადაც მონაწილეობა მიიღო ჯგუფმა მიქსტურამ, ჯგუფმა გორდელამ, სალომე ბაკურაძემ, თეატრალურმა კვარტეტმა და მაგდა ნიკოლეიშვილმა.

30 აგვისტოს მცხეთაში ოცნებისთვის ანსამბლმა შვიდკაცამ, ნუცა ბუზალაძემ და თემურ თათარაშვილმა იმღერეს, ხოლო ხაშურში - გია ნიკოლაძემ, მარიტა როხვაძემ და ჯგუფმა მიქსტურამ.

"მაშინ ვარ ბედნიერი და მაშინ მიხარია საქართველოში კონცერტის ჩატარება და ხალხისთვის სიმღერა, როცა ხალხი არის ბედნიერი და ქვეყანაში არის მშვიდობა. ასე რომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელია, რომ ჩემი ხალხი ცხოვრობდეს ისეთ გარემოში, სადაც მათთვის უსაფრთხოა ცხოვრება. ცხოვრობდნენ ისეთ გარემოში, სადაც შეუძლიათ, რომ თავისუფლად აკეთონ ის საქმე, რაც ძალიან უყვართ და ამაში ხელი არავინ შეუშალოთ". - თქვა ბუზალაძემ.

31 აგვისტოს კონცერტი ჩატარდა ოზურგეთში, სადაც შემსრულებელი ღამის შოუს ბენდი იყო.

"ჩვენი ქვეყანის გზა მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ მშვიდობით და მხოლოდ კეთილდღეობით უნდა იყოს ევროპისკენ". - თქვა ბაბი კირკიტაძემ.

1-ელ სექტემბერს კასპში ქართული ოცნების მხარდასაჭერად სცენაზე წარსდგნენ ჯგუფი Goofy Land, ბანი, ელენე ფოჩხუა და გიორგი კელაპტრიშვილი.

"მშვიდობის გარეშე არაფერი არ გამოვა. მშვიდობა თუ არ არის არც კონცერტს აქვს აზრი და არც არაფერს. [...] ყველა სადღეგრძელო იწყება მშვიდობით იმიტომ, რომ მშვიდობა უმნიშვნელოვანესი რამეა". - თქვა Goofy Land-ის წევრმა, გურამ მაკალათიამ.

1-ელ სექტემბერს კონცერტი გაიმართა ბოლნისშიც, სადაც გამომსვლელები ბენდი რეზო და ბავშვები, რომა რცხილაძე და მარიამ მამისმედიშვილი იყვნენ.

მმართველი პარტიის მხარდამჭერი კონცერტი ასევე გაიმართა 2 სექტემბერს თიანეთში, სადაც შემსრულებლები ჯგუფი იბერია, ჯგუფი NEW ONE და ცირა კობიაშვილი იყვნენ.

პარალელურად გაიმართა ღონისძიება თეთრიწყაროში, სადაც "მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ" სლოგანით იმღერეს ღამის შოუს ბენდმა, თემურ თათარაშვილმა და ჯგუფმა ფორტემ.

ქართული ოცნების მხარდამჭერი კონცერტი 3 სექტემბერს დმანისში გაიმართა, სადაც სცენაზე ანსამბლი გორდელა, ჯგუფი ქუჩის მუსიკოსები და მანანა თოდაძე წარსდგნენ.

"მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, არის მშვიდობა, ერთობა, ბედნიერება, გზა ევროპისკენ, რა ვიცი, სიყვარული, მე ასე ვთვლი და მოწმენდილი ცა.

ძალიან უსაფრთხო ქვეყანა გვაქვს და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან სიმშვიდე და სიწყნარეა". - აღნიშნა თოდაძემ.

დმანისის პარალელურად, ღონისძიება გაიმართა წალკაშიც, სადაც სალომე ბაკურაძემ, თიკა მახალდიანმა და მირზა მოდებაძემ და ბენდმა იმღერეს.

"ყველა ერთად ვიცხოვრებთ მშვიდობიან, ბედნიერ, წარმატებულ და ძალიან მაგარ საქართველოში". - თქვა ბაკურაძემ.

4 სექტემბერს კონცერტი იყო გორში, სადაც თეატრალურმა კვარტეტმა და ნუცა ბუზალაძემ აღნიშნეს, რომ "მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს".

კონცერტი გაიმართა გარდაბანშიც, ქართულ ოცნებას მხარდაჭერა ქუჩის ბიჭებმა, NEW ONE-მა, თიკა ბალანჩინმა და ნინუცა ბედიაშვილმა გამოუცხადეს.

8 სექტემბერს ყაზბეგში გელა დონაძემ და ანა ცქვიტინიძემ იმღერეს და სცენიდან მსმენელებს ქართული ოცნების მხარდამჭერი სიტყვები გაუზიარეს.

"ჩვენი აქ დგომა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ერის მხარში დგომასთან". - განაცხადა დონაძემ.

9 სექტემბერს კონცერტი გაიმართა რუსთავში, სადაც მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერა ჯგუფმა მიქსტურამ, გია ნიკოლაძემ და სანდრო კობახიძემ გამოხატეს.

ამავე დღეს ხარაგაულში ხალხის წინაშე "მხოლოდ მშვიდობით ევროპისკენ" სლოგანი გაიმეორეს ნუცა ჯანელიძის კვინტეტმა, ზუკა ხუციშვილმა, თამუნა ამონაშვილმა და სოფო ბედიამ.

12 სექტემბერს კონცერტი გაიმართა ხარაგაულში. მმართველი პარტიის მხარდამჭერ ღონისძიებაზე რეზო და ბავშვები, სალომე ბაკურაძე, თემო საჯაია, თემო მახალდიანი წარსდგნენ.

"ამ არჩევნებზე პრინციპულად ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს და ხმა მისცეს მშვიდობას და ღირსებით სვლას იქითკენ, საითაც ჩვენი გზაა". - თქვა საჯაიამ.

ამავე დღეს აბაშაში ქართული ოცნებისთვის იმღერეს ლიზა მოდებაძემ, სოფო ბედიამ, თემურ თათარაშვილმა და მაია ჯაბუამ.

"ჩემთვის ღირსება ნებისმიერ გზაზე მნიშვნელოვანია და საერთოდ, ჩემთვის უმთავრესია ღირსება, დიდი შრომა და რა თქმა უნდა, არც ევროკავშირის გზა არის გამონაკლისი, აქაც უნდა ვიაროთ სწორად, ღირსეულად". - აღნიშნა ჯაბუამ.

13 სექტემბერს ვანში გამართულ კონცერტზე მმართველ პარტიას მხარი დაუჭირეს ღამის შოუს ბენდმა, აჩიკო ნიჟარაძემ, დათუნა სირბილაძემ, ნუცა ქირიამ და მაგდა ნიკოლეიშვილმა.

სენაკში კი "მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს" სოფო ბედიამ, ელენე ფოჩხუამ, მარიამ შენგელიამ და ჯგუფმა მიქსტურამ კიდევ ერთხელ აღნიშნეს.

16 ოქტომბერს მმართველი პარტიის მორიგი კონცერტი ჩატარდა საჩხერეში, სადაც გელა დონაძემ და ანა ცქვიტინიძემ, ასევე აჩიკო ნიჟარაძემ, დათუნა სირბილაძემ იმღერეს.

18 სექტემბერს ღონისძება ჩატარდა ტყიბულში. სცენაზე კვლავ ითქვა მთავარი სლოგანი "მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ". კონცერტზე გამოვიდნენ პანჩო, ღამის შოუს ბენდი და თამუნა ამონაშვილი.

იმავე დღეს, ქართულ ოცნებას მხარდაჭერა ახალციხეში ქართულმა ხმებმა, ურსამ, გელა დონაძემ და ანუკა ცქვიტინიძემ გამოუცხადეს.

კომენტარები