ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ახალი კამიკაძე დრონების გამოცდას დაესწრო და ჩრდილოეთ კორეელ მკვლევრებს მათთვის ხელოვნური ინტელექტის განვითარებისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო მედიის თანახმად, კიმმა კამიკაძე დრონების გაზრდილი წარმოებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ისინი ტაქტიკური ქვეითი და სპეციალური ოპერაციების დანაყოფებში, მათ შორის წყალქვეშა თავდასხმებისთვის, უნდა გამოიყენონ.
სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფხენიანმა კამიკაძე დრონები საჯაროდ ახსენა.
სახელმწიფო მედიის გავრცელებულ ფოტოებში, სულ მცირე, დრონების 4 სხვადასხვა ტიპის დრონი ჩანს.
სამხრეთ კორეის შტაბის უფროსთა კომიტეტის თქმით, ჩრდილოეთ კორეულ დრონებს, რუსულ ZALA Ланцет-სა და ირანულ Shahed-ს შორის ვიზუალური მსგავსებების შესახებ მეტი ანალიზი არის საჭირო.
"ვიცით, რომ წარსულში ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის გაცვლის ფარგლებში ზოგიერთი საჩუქარი (დრონი) იყო გაცემული. [...] სხვადასხვა საზომები უნდა გავაანალიზოთ, რათა გავიგოთ, გაუმჯობესდა თუ არა მათ გამო პარამეტრები". - თქვა კომიტეტის სპიკერმა.
2022 წელს სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე ჩრდილოეთ კორეის უპილოტო საფრენმა აპარატებმა დაარღვიეს, რის შემდეგაც სეულმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა და ავიაგამანადგურებლები ააფრინა.
წელს სამხრეთ კორეამ თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეული დრონების გასანადგურებლად ლაზერულ იარაღს გამოიყენებს.





