უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Reuters-ისთვის მიცემულ კომენტარში უარყოფს უკრაინის მონაწილეობას ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებაში.
საპირისპიროდ, პოდოლიაკი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.
გუშინ, 14 აგვისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ პოლონეთს ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელი ყვინთვის ინსტრუქტორის დაკავება მოსთხოვა.
დღეს კი The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ ჩრდილოეთ ნაკადის განადგურება უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნებისა და ბიზნესმენების იდეა იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაკავებლად.
"ასეთი ქმედება მხოლოდ მსხვილი ტექნიკური და ფინანსური რესურსებით არის შესაძლებელი. ვის გააჩნდა ეს ყველაფერი აფეთქების დროს? მხოლოდ რუსეთს" – ამბობს პოდოლიაკი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა განმარტა, რომ ჩრდილოეთ ნაკადის აფეთქებების შედეგად უკრაინას არანაირი სტრატეგიული ან ტაქტიკური უპირატესობა არ მიუღია.
ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის აფეთქებების შესახებ ცნობები 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა. პირველი გაზსადენი ევროპას ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ბუნებრივ აირს აწვდიდა. მეორე გაზსადენიც ამავე მიზნით აშენდა, თუმცა მისი ექსპლუატაციაში შესვლა ვერ მოესწრო.





