სამართალდამცველებმა 1998 წელს დაბადებული ა.მ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1969 წელს დაბადებული ი.ფ., 1999 წელს დაბადებული ჯ.ი., წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ს.ა. და 2003 წელს დაბადებული მ.ბ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთის ბრალდებით.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2000 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ასევე, მონაწილეობდნენ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულები: ი.ფ., ჯ.ი., ს.ა. და მ.ბ.
პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონა სოფელ ყარაჯალაში იპოვა" - აცხადებს შსს.
შემთხვევა 28 ივლისს მოხდა. როგორც მაშინ ოჯახის წევრებმა განაცხადეს, გატაცებაში 4 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც 23 წლის ქალი "მანქანაში ჩატენეს".
"ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს." - უთხრა მაშინ რადიო თავისუფლებას გატაცებულის ბიძამ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





