ირანი

დასავლეთის მოწოდების მიუხედავად, ფეზეშქიანი ამბობს, რომ ისრაელზე თავდასხმის უფლება აქვთ

Reuters

ბოლო დღეების მანძილზე დასავლეთის მრავალი მოწოდების მიუხედავად, ირანის ახალმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ირანულ მედიასთან თქვა, რომ ირანს ისრაელზე თავდასხმის სრული უფლება აქვს

13 აგვისტოს ირანის ახალ პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ცნობილია, მათ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობასა და ომის რისკებზე ისაუბრეს.

ირანული მედიის ცნობით, სტარმერთან სატელეფონო საუბრისას ფეზეშქიანმა ხაზი გაუსვა, რომ საპასუხო დარტყმა მომავალში დანაშაულების თავიდან აცილებისთვისაა საჭირო და ირანს ამის სრული უფლება აქვს. 

"ფეზეშქიანმა ხაზი გაუსვა, რომ აგრესორის მიმართ სადამსჯელო ზომების მიღება სახელმწიფოების კანონიერი უფლებაა და ესაა გზა დანაშაულის და აგრესიის შესაჩერებლად" - ნათქვამია ირანული მედიის IRNA-ს განცხადებაში. 

ირანული მედიის ინფორმაციით, საუბრისას მასუდ ფეზეშქიანმა ასევე თქვა, რომ დასავლური სახელმწიფოების მხარდაჭერამ ისრაელი წააქეზა, გაეგრძელებინა დანაშაულები და საფრთხის ქვეშ დაეყენებინა მშვიდობა და უსაფრთხოება.

12 აგვისტოს საღამოს გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის პირველმა პირებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც ირანს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს ისრაელზე თავდასხმისგან, რაც რეგიონის დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს. 

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო და ერთიანი ვართ რეგიონში დეესკალაციისა და სტაბილურობის ძალისხმევაში. ამ კონტექსტში, და კერძოდ, ჩვენ მოვუწოდებთ ირანსა და მის მოკავშირეებს თავი შეიკავონ თავდასხმებისგან, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას და საფრთხეს შეუქმნის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობას. ისინი [თავდამსხმელები] პასუხისმგებელნი იქნებიან იმ ქმედებებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის ამ შესაძლებლობას. არც ერთი ქვეყანა ან ერი არ მოიგებს ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის შედეგად". - ნათქვამია განცხადებაში.

"ასეთი მოთხოვნები პოლიტიკური ლოგიკისგან დაცლილია, და სრულ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან და წესებთან" - თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანაანიმ. 

ბოლო კვირების მანძილზე ირანის წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ისინი ისრაელს თავს დაესხმებიან. ამის მიზეზია ისრაელის სპეცოპერაცია, როდესაც პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციისთვის თეირანში ჩასული ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს. 

კომენტარები