საქართველოს ეკონომიკა

ცინცაძე: საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობაა, ეს აისახება მოქალაქების შემოსავლების ზრდაში

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2024 წლის ივლისში წინა წლის ივლისთან შედარებით ექსპორტი 29.5%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 682.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვა 2.102.5 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.6%-ით მეტია და "ექსპორტის მსგავსად, ასევე რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს".

"ივლისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსიც, რაც იმპორტთან შედარებით ექსპორტის უფრო მაღალ ზრდას უკავშირდება. სავაჭრო დეფიციტმა 2024 წლის ივლისში 737.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ივლისთან შედარებით 59.9 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა. 2024 წლის იანვარ-ივლისის სავაჭრო დეფიციტმა 5.504.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 301.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა" - აცხადებს სამინისტრო.

მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის თქმით, "ყოველივე ზემოთაღნიშნული, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში გრძელდება საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც შესაბამისად აისახება მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ასევე თითოეული მოქალაქის შემოსავლების ზრდაში“.

კომენტარები