ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ღაზაში პოლიომიელიტის 1.2 მილიონ ვაქცინას გააგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსმა ტედროს აბჰანომ გებრეიესუსმა გაავრცელა.
პოლიომიელიტის ვირუსი ღაზის კანალიზაციის სისტემაში რამდენიმე კვირის წინ იპოვეს. როგორც ცნობილია, ღაზის მოსახლეობის პოლიომიელიტის ვაქცინით აცრა ორ ეტაპად მოხდება. ვაქცინას 8 წლამდე ასაკის 600 000 ბავშვი მიიღებს. ვაქცინის პირველი დოზით ბავშვები 17 აგვისტოს აიცრებიან. WHO-ს წარმომადგენლების ცნობით, ღაზაში ვაქცინაციის პროცესის სწორად წარმართვა დიდი ლოგისტიკური გამოწვევა იქნება.
2024 წლის ივლისში პოლიომიელიტის ვაქცინაცია ისრაელის თავდაცვის ძალებში დაიწყო, თუმცა ის ისრაელელი სამხედროებისთვის სავალდებულო არ ყოფილა.
პოლიომიელიტი ინფექციური დაავადებაა, რომელიც თავს ესხმის ადამიანის ნერვულ სისტემას და შესაძლოა სხეულის პარალიზება გამოიწვიოს. პოლიომიელიტით დაავადების მთავარი რისკ-ჯგუფი ბავშვები არიან. სიცხე, დაგროვილი ნაგავი, სუფთა წყლის დეფიციტი და მძიმე სანიტარიული პირობები პოლიომიელიტის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორებია.





