ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, "ირანი ისრაელზე თავდასხმას აპირებს".
The Jerusalem Post-ის ცნობით, ირანის მესიჯი ისრაელს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გადასცა. სიიარტოს კი აღნიშნული ინფორმაცია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალი ბაგერიმ აცნობა.
"ირანმა გვაცნობა, რომ ისრაელზე თავდასხმას აპირებს. მსოფლიომ უნდა აზღვევინოს საფასური ირანს ნებისმიერი აგრესიული ქმედებისთვის, რომელსაც ის განახორციელებს". - ამბობს კაცი.
ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას სიკვდილის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანანიმ თქვა, რომ რეგიონში ესკალაცია არ სურთ, მაგრამ ისრაელი უნდა "დასაჯონ". მისი თქმით, ირანის ქმედება გარდაუვალია.
"ირანს რეგიონში სტაბილურობის დამყარება სურს, მაგრამ ეს მხოლოდ აგრესორის დასჯით და სიონისტური რეჟიმის ავანტიურიზმის შეკავების შედეგად მოხდება". - თქვა ქანანიმ.
ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობა მას შემდეგ განვითარდა, რაც 31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა.
ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა.
ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ.
იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ირანის ლიდერები ისრაელს სერიოზული და მკაცრი პასუხის გაცემით ემუქრებიან.





