ტვ პირველი

საია TV პირველის სარჩელზე: მიმართულია კრიტიკული მედიის შეზღუდვისა და დაშინებისკენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია TV პირველის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

26 ივლისს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს TV პირველის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავის აღსრულების საკითხზე მიმართა. 

კალაძის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი 2022 წლის 5 ივლისს, მაია მამულაშვილის მიერ საავტორო გადაცემა დღის ამბებში, მტკიცებით ფორმაში გავრცელებულ ცნობას ეხებოდა, რომლის მიხედვით, კახა კალაძემ 60 მილიონი "ჩაიდო ჯიბეში" ტენდერებიდან და კორუფციული გზით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თვლის, რომ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გაზრდილი სამართალწარმოების მაჩვენებელი კოორდინირებულ ტენდენციაზე მიუთითებს, რომელიც მიმართულია მედიის საქმიანობის შეზღუდვისა და დაშინებისკენ. 

საია-ს თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მთავარი არხის, ფორმულასა და ტვ პირველის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯამში 28 სარჩელი შევიდა, ხოლო მომჩივანთა უმეტესობა მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცილისწამების საფუძველზე დაწყებული სამართალწარმოების. Გასული რამდენიმე წლის განმავლობაში სამი წამყვანი კრიტიკული ტელეარხის - "მთავარი არხის", "ფორმულა" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ ასეთი 28 სარჩელი შევიდა. მომჩივანთა უმეტესობა არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები. 

მოკლე დროში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესების გაზრდილი რაოდენობა, კრიტიკული მედიის შეზღუდვების სხვა მცდელობებთან ერთად, აშკარად მიუთითებს კოორდინირებულ ტენდენციაზე, რომელიც მიმართულია მედიის საქმიანობის შეზღუდვისა და დაშინებისკენ". - წერია განცხადებაში. 

საია-ს შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ცილისწამების სარჩელის საფუძვლიანობას ფორმალურად უდგება და არ ამოწმებს, არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ შეტანილ სარჩელს ფიქციური მიზანი ჰქონდეს.

"სასამართლო ე.წ. ცილისწამების სარჩელის საფუძვლიანობას ფორმალურად უდგება, და არ ამოწმებს, ხომ არ შეიძლება სარჩელს ჰქონდეს ფიქციური მიზანი; პრობლემურია, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლების კოლიზიისას სამართლიანი ბალანსის დადგენის კუთხით; სასამართლო ჯეროვნად არ მსჯელობს დავის შეწყვეტის საფუძვლების არსებობაზე; ზოგიერთ შემთხვევაში, გამოვლინდა, რომ ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, და, SLAPP დავების მიმდინარეობისას მონაწილე მხარეებს არ ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები მტკიცებულებების წარმოსადგენად; ასევე, სასამართლოები მხედველობაში არ იღებენ განსახილველი საკითხის გაშუქებამდე / გამოქვეყნებამდე ჟურნალისტების მიერ მიღებულ ზომებს და, ხშირ შემთხვევაში, ირიბად ავალდებულებენ მათ გაამჟღავნონ კონფიდენციალური წყარო; სასამართლოები არ მსჯელობენ სადავო მასალის მიერ დემოკრატიულ დისკუსიაში შეტანილ წვლილზე, როგორც ამას მოითხოვს ევროპული სასამართლოს სტანდარტი; ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ე.წ.  ცილისწამების დავებზე სათანადო მოპასუხე არის მედიის მესაკუთრე, მოსამართლეები ჟურნალისტებსაც აკისრებენ პასუხისმგებლობას და არ მსჯელობენ არასათანადო მოპასუხის საკითხზე;  მოპასუხეებს დიდი ოდენობით  მორალური ზიანის ანაზღაურება ეკისრებათ. 

ასეთი საქმეები, თავისი შინაარსით, კვალიფიცირდება, როგორც SLAPP საქმეები, ანუ სტრატეგიული სამართალწარმოება საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ, როდესაც საქმეები ფიქციური მიზნით იწარმოება, და, მოსარჩელის მიზანი, არა საკუთარი უფლებების დაცვა, არამედ, კრიტიკული მედიის ხმის ჩახშობაა. 

SLAPP-ები განსაკუთრებით დამაზიანებელ გავლენას მოახდენს მედიაზე არჩევნების დროს, სადაც კანდიდატების, პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო პროცესების მონიტორინგი უმთავრესია. იმის გათვალისწინებით, რომ SLAPP-ები მიზნად ისახავს გააჩუმოს კრიტიკული და საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს ისეთი საკითხების გაშუქებაზე, როგორიცაა, კორუფცია, ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება და სხვა. ეს სამართლებრივი იარაღი, არამხოლოდ, ახშობს გამოხატვის და პრესის თავისუფლებას, არამედ ძირს უთხრის ამომრჩევლის უნარს მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაციის საფუძველზე. დემოკრატიულ საზოგადოებებში მედიის ეფექტიანი მოქმედება გადამწყვეტ როლს ასრულებს არჩევნების დროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, რაც შედეგად ნიშნავს, იმას, რომ SLAPP-ების პრაქტიკა არის უშუალო თავდასხმა თავად საარჩევნო პროცესის მთლიანობაზე". - წერია განცხადებაში.

კომენტარები