გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) საპასუხო თავდასხმას, სულ მცირე, ორი ჰეზბოლას წევრი ემსხვერპლა.
IDF-ს საპასუხო იერიშის შედეგებთან დაკავშირებული განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. ჰეზბოლასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები კი ტერორისტული დაჯგუფების წევრების დაღუპვას ადასტურებენ.
გუშინ, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ქვეყნის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანთს 27 ივლისს ჰეზბოლას მიერ ისრაელზე მიტანილ იერიშზე პასუხის გაცემის უფლებამოსილება მიანიჭა.
ჰეზბოლას მიერ ისრაელზე ლიბანიდან მიტანილ იერიშს დრუზების (ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა) დასახლება მაჯდალ შამსში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულები ძირითადად 12-20 წლის მოზარდები არიან.
რაკეტა მოედნის მახლობლად ჩამოვარდა. განგაშის სიგნალი გვიან ჩაირთო და მოზარდებმა გაქცევა ვერ მოასწრეს. კიდევ რამდენიმე ათეული მოზარდი აფეთქების შედეგად დაშავდა.
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის გასულ წელს დაწყებული ახალი ესკალაციის ფონზე, ეს არის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის იერიშს მოჰყვა. სავარაუდოა მოვლენების კიდევ უფრო გამძაფრება.
მომდევნო დღეს, ჰეზბოლას მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული 12 მოზარდის დაკრძალვაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა, ხოლო ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ჰეზბოლა მომხდარისთვის უპრეცედენტოდ მძიმე საზღაურს გადაიხდის.





