თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, აგვისტოს ბოლოს გლდანში თეთრი ტბის შემავსებელი სისტემის მოწყობა დასრულდება და შემდგომ ტბის წყლით შევსება დაიწყება.
"თეთრ ტბას წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა, პრობლემა გახდა მისი წყლით
შევსება, რის გამოც, მან დაიწყო დაშრობა, რაც გლდანის მცხოვრებთათვის პრობლემას წარმოადგგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი წერილი შემოვიდა. ამიტომ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ტბის შევსება/გაჯანსაღებისთვის მისი მოცულობის საჭირო ნიშნულამდე გაზრდა დაიგეგმა.
იქედან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა GWP-ის ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება" - თქვა კალაძემ.
კალაძის თქმით, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, დამუშავდა პროექტი, რომელიც შეთანხმდა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან. პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით დაიწყო კონკრეტული ღონისძიებები.
"შეთანხმებული პროექტის მიხედვით, სამსახურმა უკვე დაიწყო შემავსებელი სისტემის მოწყობა, რომელიც უნდა დაერთდეს ზემოაღნიშნულ წყალგამტარ გვირაბზე. აღნიშნული სამუშაო მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება“ - აღნიშნა თბილისის მერმა.





