ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ნასრალა: თუ ჰამასი ისრაელთან შეთანხმებას მიაღწევს, ჰეზბოლა თავდასხმებს შეწყვეტს

ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ გავრცელებული პირველი მიმართვისას, 2023 წლის 3 ნოემბერი
Al-Manar via REUTERS

10 ივლისს ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ თქვა, რომ თუ ჰამასი ისრაელთან შეთანხმებას მიაღწევს, ისრაელის ჩრდილოეთის ფრონტზე თავდასხმებს ჰეზბოლაც შეაჩერებს. მისი თქმით, ამ მოლაპარაკებებში ჰამასი არა მხოლოდ თავის თავს, არამედ მთლიანად პროირანულ წინააღმდეგობის ღერძს წარმოადგენს. 

"ყველა მიიღებს იმას, რასაც ჰამასი დათანხმდება. ჩვენ მათ არ ვთხოვთ, რომ [მოლაპარაკებების დროს] ჩვენთან იყვნენ კოორდინირებული, რადგან ეს პირველ რიგში მათი ბრძოლაა" - თქვა ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ. 

ნასრალამ განმარტა რომ ჩრდილოეთის ფრონტი ჰამასისთვის თავიდანვე დამხმარე ფრონტი იყო და ეს ყველამ იცოდა, შესაბამისად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღებისთანავე ცეცხლს ისინიც შეწყვეტენ. ჰასან ნასრალამ ასევე დაამატა, რომ ამის მიუხედავად, შეთანხმების მიღების შემდეგ ისინი ვერ დაუშვებენ ისრაელის თავდასხმებს ლიბანის ტერიტორიაზე და მათ ბაზებზე და ამგვარ იერიშს შესაბამისი პასუხი მოჰყვება. 

ნასრალამ ასევე თქვა, რომ ჰეზბოლას ისრაელთან ომის არ ეშინია და ამაზე დრონებისა და რაკეტების თავდასხმები მოწმობს. ჰამასის მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ჰეზბოლა პერმანენტულად ესხმის თავს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან, რის გამოც ისრაელი თვეების მანძილზე ერთდროულად ორ ფრონტზე იბრძვის. 

კომენტარები