საქართველო-აშშ

ზურაბიშვილი წვრთნების გადადებაზე: ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili/Facebook

"ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს"  - სალომე ზურაბიშვილი აშშ-სგან საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვისა და ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო სამხედრო წვრთნების ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადებას ეხმაურება. 

"ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად ეხლა საფრხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა.

ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს" - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო - ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონმა გაავრცელა. 

"შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის ძირეული გადახედვა. ამ გადახედვის ფარგლებში, შეერთებული შტატები საქართველოში განუსაზღვრელი ვადით გადადებს ღირსეული პარტნიორის წვრთნებს, რომელიც 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო." – წერია პენტაგონის განცხადებაში.

კომენტარები