სპეციალური საგამოძიებო სამსახური

დაზარალებულის ოჯახს დაოჯახებულ კაცთან მისი ურთიერთობის შესახებ აცნობა – სსს-მ 1 ქალი ამხილა

კადრი ვიდეოდან/სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2 ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე სასტუმროს ადმინისტრატორი, 1994 წელს დაბადებული ქალი ამხილეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი თბილისში, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სტუმრების პირად ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა.

2024 წლის 25 მაისს, სასტუმროს სპეციალურ პროგრამაში ნახვის გზით, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა მამაკაცმა და ქალმა ღამე სასტუმროში გაატარეს. ვინაიდან სასტუმროს ადმინისტრატორი იცნობდა დაზარალებული მამაკაცის მეუღლეს, შურისძიების მიზნით ინფორმაციის გამჟღავნება გადაწყვიტა.

ბრალდებულმა ქალმა სოციალურ ქსელში შექმნა ყალბი გვერდი, საიდანაც დაზარალებულის ოჯახის წევრებს მიწერა და აცნობა, რომ დაზარალებულს ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა დაოჯახებულ მამაკაცთან. აღნიშნული ინფორმაცია მან დაზარალებული ქალის ყოფილ შეყვარებულსაც აცნობა და სასტუმროს ნომრის ჯავშნის შესახებ ინფორმაციის ამსახველი ფოტოსურათები გადაუგზავნა". - წერს სამსახური.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების წარმოებისა და მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასტუმროს ადმინისტრატორს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით ბრალდება წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები