სპეციალური საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებომ ბაბი კირკიტაძეზე ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

Facebook post/Babi Kirkitadze

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბაბი კირკიტაძეზე ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო". - ნათქვამია განცხადებაში.

11 დეკემბერს ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობდა. მისი თქმით, მთავარი მიზანია, რომ ყველამ, ვინც ამ ვიდეოს მოფიქრებასა თუ გავრცელებაში იყო ჩართული, პასუხი აგოს დანაშაულზე. 

"ხმაგადადებული, სახე არც თუ ისე უხარისხოდ ჩასმული, მოკლედ, საკმაოდ კარგი ნამუშევარია ეს ყველაფერი. რაც შეეხება გავრცელების არეალს, არ ვიცი ზუსტად, პლატფორმები, სხვადასხვა პლატფორმებიდან მეუბნებიან, აქაც შეგხვდა, იქაც შეგხვდა, მაგრამ ამას ყველაფერს უკვე გამოძიებას მოვუყვები. საზიზღარი გულისამრევი ვიდეო არის, სადაც ნათლად არის ჩემი სახე ჩასმული, ასევე ჟღერდება ვიდეოში ჩემი სახელიც". - თქვა ბაბი კირკიტაძემ. 

7 დეკემბერს მომღერალმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ მასზე დამონტაჟებულ ვიდეოს ავრცელებენ.

"ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ". - წერს ბაბი კირკიტაძე. 

8 დეკემბერს სამთავრობო არხის, იმედის ღამის შოუს ბენდის წევრი, ბაბი კირკიტაძე ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. 

როგორც ტაბულას სამსახურში უთხრეს, კირკიტაძეს ვიდეოს შესახებ სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნების დღესვე დაუკავშირდნენ და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაიბარეს.
 

კომენტარები