ქარბორბალა კახეთში

ახდილია გუმბათის საფარი, ჩამოვარდნილია ჯვარი – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ალავერდზე

ქარბორბალას მიერ დაზიანებული ალავერდის საკათედრო ტაძარი, 2024 წლის 25 ივნისი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა/Facebook

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქარბორბალას გადავლის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსი მათმა წარმომადგენლებმა მოინახულეს.

"ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ეცნობიან შექმნილ მდგომარეობას.

სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები". - წერს სააგენტო.

კახეთში ქარბორბალამ ალავერდის საკათედრო ტაძარს 25 ივნისს გადაუარა. შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სტიქიას გამოეხმაურა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაც. მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს ზარალის აღწერა.

"ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით, შედეგად დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა". - წერს ადმინისტრაცია.

კომენტარები