გირჩი-დროა

გირჩი - მეტი თავისუფლება ALDE-ს სრული, დროა კი აფილირებული წევრი გახდა

გირჩი მეტი თავისუფლება ევროპული პარტიის, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE), სრულუფლებიანი, პარტია დროა კი აფილირებული წევრი გახდა.

"ალდეს აფილირებული წევრები ვიყავით აქამდე, ახლა სრულუფლებიანი წევრები გავხდით, ამით ალდეს საბჭოს და ალდეს კონგრესის გადაწყვეტილებებში შეგვიძლია მოვიღოთ მონაწილეობა + შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავაყენოთ რეზოლუციები კენჭისყრაზე, ხმის უფლება მოვიპოვეთ, მაგრამ ჯერ არ ვიცი რამდენი ხმა გვექნება". - თქვა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.

საკითხთან დაკავშირებით ALDE-ს კენჭისყრა დღეს, 22 ივნისს გაიმართა. ევროპული პარტიის გადაწყვეტილებაზე Facebook-ზე წერს პარტია დროაც.

"პარტია დროა ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის ALDE Party – Liberals and Democrats for Europe-ს აფილირებული წევრი გახდა.

ლიბერალური პარტიების ევროპულ ოჯახში ჩვენი პარტიის მიღებას კენჭი დღეს, ვილნიუსში ეყარა.

შეკრებას პარტია დროას აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა დაესწრო, რომელმაც ALDE-ს საბჭოს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

ასევე ვულოცავთ გირჩი - მეტი თავისუფლებას სრულუფლებიან წევრობას". - წერია დროას განცხადებაში.

ALDE ევროპული პარტიაა, რომელშიც 44 ევროპული ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, გერმანიის და ესტონეთის ლიბერალური და დემოკრატიული პარტიები ერთიანდებიან.

კომენტარები