კანადა

კანადამ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

EPA

კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება IRGC-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ კანადის საჯარო უსაფრთხოების მინისტრმა დომინიკ ლებლანკმა დაადასტურა და ამ ნაბიჯს "ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელოვანი იარაღი" უწოდა.

გუშაგთა კორპუსი ირანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო და პოლიტიკური ცენტრია და მჭიდრო კავშირები აქვს აიათოლა ალი ხამენეისთან. კანადის საპარლამენტო ოპოზიცია და კანადაში ემიგრირებული ირანული დიასპორა წლების მანძილზე ითხოვდა IRGC-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას

ამ გადაწყვეტილებით, ირანის ათასობით მაღალი თანამდებობის პირს, მათ შორის IRGC-ის რიგით წევრებს, კანადაში შესვლა აეკრძალებათ. როგორც ცნობილია, ამჟამად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს დაახლოებით 190 000 თანამშრომელი ჰყავს, რაც მოიცავს ირანის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შეიარაღებულ ძალებს. 

IRGC-ს მნიშვნელოვანი გავლენები აქვს ახლო აღმოსავლეთში, სადაც სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, მაგალითად ჰამასს, ჰეზბოლას და ჰუსიტებს, ფინანსებითა და შეიარაღებით ამარაგებს. ირანის საზღვრებს გარეთ მსგავს ოპერაციებს გეგმავს და ახორციელებს Quds-ის ძალები, რომელიც კანადას უკვე შეყვანილი ჰყავს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. 

კომენტარები