არჩევნები 2024

ბოკერია: არ ვთმობთ იმას, რაც გვგონია, რომ მნიშვნელოვანია ფასეულობებში

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, კონსულტაციებისთვის და საუბრისთვის მზად არიან ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც არ იქნება ქართულ ოცნებასთან და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული.

TV პირველის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ბოკერიას ჰკითხა პარტია ახალთან და ლელოსთან კონსულტაციების შესაძლებლობაზე, რაზეც ბოკერიამ უპასუხა - "მზად ვართ, რა თქმა უნდა". ჟურნალისტმა ლეიბორისტულ პარტიაზეც იკითხა, რაზეც ევროპული საქართველოს ლიდერმა აღნიშნა, რომ "მისგან ვერ ვხედავთ ინტერესს, მაგრამ მზად ვართ, ვესაუბროთ".

რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიასთან დაკავშირებულ კითხვას, გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო მზად იქნებოდა სასაუბროდ, რომ არ იცოდეს ყოფილი პრემიერმინისტრისპოზიცია.

"ბატონი გახარიას გზავნილი ჯერჯერობით არის ისევ არის ქოცური. ვგულისხმობ არა შეკვრას, ეგეთი ცილისწამებები არ გვახასიათებს, არამედ მის გზავნილებს -  მისთვის ისევ ნაცებად და ქოცებად იყოფა სამყარო და ამას განსაზღვრავს მხოლოდ წარსულით - არა ფასეულობებით, არა არჩევანით... თავად რომ იყო ივანიშვილის რეჟიმთან აფილირებული, ამაზე ლაპარაკი არ უყვარს, არც იმის გააზრება უნდა, რომ ოლიგარქიული რეჟიმი იყო მისი პრემიერობისას, მხოლოდ ტალახს ისვრის იქით [ოპიზიციისკენ]. თუ ეს შეიცვლება...

თავდასხმა არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, არც მასზე, არც ნაციონალურ მოძრაობაზე, ის პრინციპებია მნიშვნელოვანი, რის გამოც, თავის დროზე გაიყო ჩვენი გზები [ენმ-სთან] - ამაში შედის წარსულის გააზრებაც და არა წარსულში ვინმესკენ თითის გაშვერა... იგივე შეეხება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას" - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქართული ქარტიის ხელმოწერა მასში გათვალისწინებული რეფორმებით, ასევე, აუცილებელია პროდასავლური  არჩევანი და მყარი რწმენა, რომ ივანიშვილის რეჟიმთან არ არის რაიმე "სრულიად უპასუხისმგებლო ან უსინდისო ალიანსში". 

"ეს რწმენა უნდა გვქონდეს და ამას არ ვაბრალებ გახარიას, ხედვა დავაბრალე ქოცური და არა ის, რომ შეკრულია ვინმესთან. ასევე, მნიშვნელოვანია უარყოფა ნებისმიერი ჩრდილოვანი მართვის, ოლიგარქიული მართვის ან ამასთან მიახლოებული მოდელის - ბელადების და უპირობო ლიდერების.

ამის მიღმა რაზე შეჯერებასაც შევძლებთ და გვაქვს მნიშვნელოვანი თემები, რომელზეც გვგონია, რომ შეიძლება, შევჯერდეთ. პრეზიდენტის ქარტია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ოღონდ ყველა ვთვლით, რომ ეს არის კარგი გაგებით მინიმალისტური, რაზეც ყველას ან თითქმის ყველას შეთანხმება შეიძლებოდა. ამის მიღმა, ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად გვჭირდება უმწვავესი ნაბიჯების გადადგმა რეფორმებისკენ ბევრი მიმართულებით - უსაფრთხოების, განათლების, ჯანდაცვის და ამაში გვჭირდება თანამოაზრეები.

ჩვენ გვესმის, რომ კომპრომისების გარეშე არ გამოვა, ოღონდ ვიღაცასთან მეტი კომპრომისი დაგჭირდება, ძალიან ბევრი კომპრომისი კარგი არ არის და ვიღაცასთან მეტი შეხება გაქვს. ჩვენ გვგონია, რომ იმ განაცხადით, რაც გავაკეთეთ, არის შანსი სერიოზული დე ფაქტო ბლოკის შეკვრის, რომელიც შეძლებს, რომ მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს შეუქმნას რეალური სურათი, რომ აქ იქნება სიმძიმის ცენტრი და არა იქ, სადაც არის ოლიგარქიული მმართველობა" - ამბობს ბოკერია.

ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, რომ გაერთიანებულ პარტიებს მოუწევთ, უარი თქვან საკუთარ ნომერზე და გავიდნენ ერთიანი ჯგუფით. მან ჰკითხა ბოკერიას, ამისთვის თუ არის მზად.

"რა თქმა უნდა, ყოველგვარი პათეტიზმის გარეშე, როცა ამ ტიპის ინტერესზეა ლაპარაკი.

ჩვენ არ ვთმობთ იმას, რაც გვგონია, რომ მნიშვნელოვანია ფასეულობებში და როგორც ვხედავთ ქვეყნის ინტერესებისთვის. 

სხვა, ყველა ნორმალური ვითარებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც თქვენ დაასახელეთ, ამაზე ორი აზრიც არაა, რომ იმ ნაბიჯების ფონზე, რაც ივანიშვილმა გადადგა, წინასწარ ვიცით, რომ ეგ უნდა განიხილო. არსებობს გზები ამის ისე მოგვარების, რომ შედარებით ნაკლები დისკომფორტი იყოს ფორმალური თვალსაზრისით. პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ ერთ იურიდიულ სუბიექტში გაწევრიანება ერთად სხვადასხვა ფორმით" - თქვა ბოკერიამ.

ჩაკითხვაზე, "მზად ხართ რამის დასათმობად?", ევროპული საქართველოს თავმჯდომარე პასუხობს - "მაგ თვალსაზრისით უამრავი რამის".

"რაც შეეხება სხვა საკითხებს, რაზეც შევჯერდებით, რას ვეტყვით როგორც ჩვენს პატიოსან სიტყვას მოქალაქეებს, რომ ჩვენ ერთად როგორ ვმოქმედებთ შემდეგ, ამაზე უნდა მოვილაპარაკოთ" - აღნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

კითხვაზე, "სხვები არიან მზად, რომ დათმონ"?, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ "იმ ნაწილში, რაც თქვენ ბრძანეთ, ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება". მისი აზრით, პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ საარჩევნო თანამშრომლობისას მოუწევს რომელიმე სუბიექტში გაწევრიანება, ან ახლის შექმნა.

"ნომერიც ახსენეთ, რომელიც ნორმალურ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ვითარებაში არ არის მინიმუმ გადამწყვეტი ფაქტორი ნამდვილად.

ჩვენ ვთვლით, რომ ამ პოლიტიკურ შესაძლო დაჯგუფებაში უნდა იყოს ის ძალები, რომლებსაც მკაფიო პოზიცია აქვთ იმ საკითხებზე, რომლებიც ჩამოვთვალეთ - პროდასავლურობა, ქარტიის რეფორმები და ამის მიღმა რაზეც შევთანხმდებით... მესმის, ყველაფერს ვერ მივიღებთ, რაც ჩვენ გვგონია, რადგან მაშინ ერთი პარტია ვიქნებოდით, მაგრამ ასევე მგონია, რომ არის შანსი, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საბჭოთა დროს ჩამორთმეული კერძო საკუთრების მოქალაქეებისთვის დაბრუნება, განათლებასა და ჯანდაცვაში ბიუროკრატიის ჩახსნა და მოქალაქეებისთვის არჩევანის მიცემა, ნაფიცი მსაჯულების სრულად და სწრაფად გავრცელება, რეალისტურია სერიოზულ ძალებთან შეჯერება. 

და ის ჩარჩო, რაც ვახსენე - უნდა ჰქონდეთ მკაფიო პოზიცია. მარტო ის კი არაა ივანიშვილის პრობლემა, რაც უდიდესი უბედურებაა, რომ ღალატობენ ჩვენს ქვეყანასმთავარ საკითხში - სუვერენიტეტში, ამის მიღმაც, ასეთი მოღალატეც რომ არ იყოს, ოლიგარქიული ან მიახლოებული მართვა ჩრდილიდან, ვიღაცის მიერ გავლენით, სტატუსით ან რესურსებით და ფულით მართვა, არის კატეგორიულად მიუღებელი. ვინც ამაზე შევჯერდებით, მე იმედი მაქვს, რომ შევქმნით ამ სიმძიმის ცენტრს" - თქვა ბოკერიამ.


ევროპული საქართველო საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნის ამოცანით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა 17 ივნისის ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, "გვჭირდება, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ხელისუფლების ალტერნატივას არა ანტიდემოკრატიული ძალა, არამედ დემოკრატიული გაერთიანება წარმოადგენს, რომლის წევრებიც ოლიგარქიულ, ანტიდემოკრატიულ თამაშის წესებს მკაფიოდ უარყოფენ".

კომენტარები