რუსეთი-შვედეთი

შვედეთის თქმით, რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია

The Swedish Armed Forces

შვედეთის შეიარაღებული ძალების თქმით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა, SU-24-მა კუნძულ გოთლანდის აღმოსავლეთით მათი საჰაერო სივრცე დაარღვია.

მათივე ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავის მიერ გამაფრთხილებელი შეტყობინების უპასუხოდ დატოვების შემდეგ, მისთვის გზის გადასაჭრელად გამანადგურებლები ააფრინეს.

ინციდენტი დროში ემთხვევა ბალტიის ზღვაში მიმდინარე წვრთნებს, რომელშიც შვედეთიც იღებს მონაწილეობას.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა საჰაერო სივრცის დარღვევას "მიუღებელი" უწოდა და თქვა, რომ სტოკჰოლმში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ პირებს ინციდენტთან დაკავშირებით სამინისტროში დაიბარებენ.

შვედეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა, იონას ვიკმანმა თქვა, რომ ინციდენტი შვედეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემის ნაკლებობაზე მიუთითებს.

"ჩვენ მივყვებოდით მოვლენების მთელ ჯაჭვს და ვიყავით მზად ჩარევისთვის". - აღნიშნა მან.

შვედეთში რუსეთის საელჩოს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.

ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ მათი საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ შეტყობინება გაავრცელა შვედეთის მეზობელმა ფინეთმაც. მათი თქმით, სავარაუდო ინციდენტი 10 ივნისს მოხდა.

რუსეთმა შვედეთის საჰაერო სივრცე გოთლანდის მახლობლად ორი SU-27 და ორი SU-24 სამხედრო თვითმფრინავებით ბოლოს 2022 წელს დაარღვია.

ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრი სახელმწიფოები არიან. ისინი ალიანსში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გაწევრიანდნენ.

კომენტარები