რუსული კანონი

აქტივისტს, რომელმაც ბექა ოდიშარიას "რუსი მონა" დაუძახა, 3 ადამიანი თავს დაესხა

მთავარი არხი

სამოქალაქო აქტივისტს, ბექა პაპაშვილს, რომელმაც ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას "რუსი მონა" დაუძახა, 3 ადამიანი თავს დაესხა. ამის შესახებ პაპაშვილმა TV პირველზე ჩართვის დროს ისაუბრა.

"სუპერმარკეტ "ფრესკოში" ვიყავი, რა დროსაც შევამჩნიე, რომ იქ იყო ბექა ოდიშარია, რომელიც რუსულ კანონზე ხელმომწერია. მას თავისი სახელი დავუძახე - ის არის ბიძინა ივანიშვილის მონა და პასუხს ვთხოვდი, ქვეყანა რატომ გაყიდა და ახალგაზრდებს მომავალს რატომ გვინადგურებს. მისმა დაცვამ საშუალება არ მომცა, რომ ოდიშარიამდე მივსულიყავი.

შემდეგ, როცა გარეთ გავედი, 2 წთ მოვანდომე, რომ ჩემს მეგობარს დავლოდებოდი და ამ დროს, მისი ზონდერები მოვარდნენ. ოდიშარიას შვილიც ერთ-ერთი ზონდერი აღმოჩნდა, რომელმაც პირდაპირ, ამაყად თქვა, ოდიშარიას შვილი ვარო. 3 ადამიანი ფიზიკურად გამისწორდა". - თქვა პაპაშვილმა TV პირველის ეთერში და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების დეპუტატმა მას სიტყვიერი შეურცახყოფაც მიაყენა.

ამასთან, დაზარალებულლმა მთავარ არხს უთხრა, რომ დაზიანებები ზურგისა და თავის არეში აქვს მიღებული.

ბექა პაპაშვილმა Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას "რუს მონას" ეძახის.

""შემთხვევით, ფრესკოში რუსი ოდიშარია შემხვდა. თავისუფალი მოქალაქის წინააღმდეგობა ყველგან დაგხვდებათ. ქვეყნის გაყიდვისთვის პასუხს ყოველთვის მოგკითხავთ". - დაწერა მან და ფრესკოში გადაღებული ვიდეო გაავრცელა.

კომენტარები