გერმანია

გერმანია თავდაცვის გასაძლიერებლად სამხედრო გაწვევის ახალ სისტემას დანერგავს

REUTERS/Nadja Wohlleben 

12 ივნისს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა რუსეთთან რეგიონული დაძაბულობის ფონზე გერმანიის თავდაცვის გასაძლიერებლად მოხალისეებზე ფოკუსირებული შერჩევითი სამხედრო გაწვევის ინიციატივა წარადგინა.  

დაახლოებით 13 წლის შემდეგ, რაც გერმანიაში მასობრივი სავალდებულო გაწვევა შეწყდა, თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ოთხშაბათს პირველად განაცხადა, რომ ყველა მამაკაცი 18 წლიდან ვალდებული იქნება შეავსოს სამხედრო კითხვარი, რათა შეფასდეს მათი მზაობა სამხედრო სამსახურისთვის. ქალებისთვის კითხვარი ნებაყოფლობითი იქნება.

"სამხედრო სამსახურისთვის შეირჩევიან ყველაზე მოტივირებული და შესაფერისი კანდიდატები" - თქვა პისტორიუსმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

შეთავაზება გერმანიის გაძლიერებულ საგარეო და თავდაცვით პოლიტიკაზე გადასვლის ნაწილია, რომელიც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარადგინა როგორც "Zeitenwende" იგივე "ეპოქის შემობრუნება".

სამინისტროს თქმით, ახალი მოდელის მიზანია სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით წასული ახალგაზრდების რიცხვი 15 000-მდე გაიზარდოს. გეგმის თანახმად, რიცხვი პირველ წელს 5000-ით გაიზრდება,  ხოლო შემდგომ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მოიმატებს.  საბოლოო მიზანი კი 200 000-ზე მეტი რეზერვისტია, რაც გერმანიას საშუალებას მისცემს ომის შემთხვევაში ჯარისკაცების რიცხვი 460 000-მდე სწრაფად გაზარდოს.  ამჟამად გერმანიას 180 000 ჯარისკაცი ჰყავს, თავდაცვის სამინისტროს მოკლევადიანი გეგმა ამ რიცხვის 203 000-მდე გაზრდა და 60 000 რეზერვისტის ყოლაა.  

"არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგადაა აღჭურვილი ჩვენი შეიარაღებული ძალები.. შეკავების პრინციპი მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ ქვეყანას საკმარისი ჯარისკაცები ჰყავს, რომლებიც ქვეყნის დაცვას შეძლებენ". - თქვა პისტორიუსმა.

თავდაცვის მინისტრის პირობით, გერმანია ომისთვის მზად იქნება, რადგან მისი აზრით, NATO-სა და რუსეთს შორის ომი შესაძლოა 5-8 წელიწადშიც კი მოხდეს.

კომენტარები