შვედეთი არ ცნობს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამის განცხადებას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს.
"შვედეთი არ ცნობს, ე.წ. "საპარლამენტო არჩევნების" ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას". - წერს შვედეთის საგარეო უწყება.
9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა. "არჩევნებს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა განცხადებით, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც "უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".