ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევი 8 ივნისს ჩეჩნეთში, გროზნოში ჩავიდა. ის აქ რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა მიიწვია.
როგორც გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, მარიონეტი ლიდერი რამზან კადიროვს შეხვდა. ასევე ჩანს, რომ გროზნოში ჩასული იყო ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერიც, ასლან ბჟანია.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის რეგიონული საჯარო ფონდი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ხელოვნების სკოლას ააშენებს.
ოკუპირებული ცხინვალის მედია რესი წერს, რომ შეხვედრის დროს რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ მიზნად ისახავს ოკიპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობის განვითარებას და ეს ყველა სფეროს შეეხება.
ბოლო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტებმა და ჩეჩნეთის ლიდერმა დაახლოება დაიწყეს. 6 თებერვალს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა დაბადების დღე მიულოცა მარიონეტ მეთაურ ალან გაგლოევს. ისინი 2023 წლის მაისში ერთმანეთს გროზნოშიც შეხვდნენ. ამ წლის თებერვლის დასაწყისში კადიროვმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დელეგაცია გაგზავნა და მარიონეტებს საჩუქრად 10 მანქანა УАЗ-Патриот-ი აჩუქა.