ლევან ხაბეიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს. მას ამ პოზიციაზე თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლებს.
ხაბეიშვილმა ენმ-ს საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მან ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის გამო მიიღო.
"მე მაქვს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. იცის საზოგადოებამ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები. ჩემთვის, ცხადია მძიმეა, თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, აკრძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას 2-3 თვის განმავლობაში, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც 4 თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, არ იყოს ყოველდღიურ საქმიანობაში, 24-საათიან მუშა რეჟიმში. შესაბამისად, ჩვენი გუნდის, ყველას გადაწყვეტილებით, თინასთან კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება." - თქვა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, ის ენმ-ს შესთავაზებს, რომ პარტიის თავმჯდომარედ ბოკუჩავა დანიშნონ, თავად კი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გადავიდეს.
"მე, რამდენიმე დღეში, მოვიწვევ ნაციონალური მოძრაობის ყრილობას, სადაც შევთავაზებ 2 ცვლილებას. პირველი ეხება პარტიის თავმჯდომარეს და მე ნაციონალურ მოძრაობას პარტიის თავმჯდომარედ მინდა თინა ბოკუჩავა შევთავაზო. ასევე, უნდა შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, რადგან, გესმით, რომ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე არაა ყოველდღიური, რუტინული მუშაობა და ცხადია, ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული ჩვენს გუნდთან ერთად. შესაბამისად, ყრილობას ვთხოვ ამ ორ ცვლილებაზე თანხმობას". – თქვა ხაბეიშვილმა.
ბოკუჩავამ ხაბეიშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამას გარდა, ბოკუჩავა ბრიფინგზე ირწმუნებოდა, რომ არჩევნებისთვის საჭიროა მთელი ოპოზიციის გაერთიანება.
"ამ არჩევანში, მე ღრმად მწამს, რომ ივანიშვილი უნდა დავტოვოთ მარტო და ყველა სხვა პოლიტიკური ძალა, თუ პოლიტიკოსი, ვინც არ ეგუება საქართველოს გარუსებას, უნდა გაერთიანდეს. უნდა გაერთიანდეს გამარჯვებისთვის. უნდა გაერთიანდეს გამარჯვებისთვის. უნდა გაერთიანდეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის." – თქვა ბოკუჩავამ.
არჩევნებამდე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობდა, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესები მის წინააღმდეგ ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა დაგეგმეს.