ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ნეთანიაჰუს თქმით, ბაიდენის მიერ გაჟღერებული ზავის პირობები ისრაელისას არ ემთხვევა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენის მიერ შესაძლო ზავის პირობების შესახებ გაკეთებულ კომენტარებზე ისაუბრა და თქვა, რომ ბაიდენის სიტყვებსა და ისრაელის პოზიციას შორის განსხვავებაა

ნეთანიაჰუს თქმით, ბაიდენის მიერ გაჟღერებული შეთავაზება არასრულია და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც ჰამასის ტყვეობაში მყოფი ყველა მძევალი გათავისუფლდება. 

"ომი მძევლების დასაბრუნებლად შეჩერდება, და შემდეგ ჩვენ დისკუსიები გვექნება. სხვა დეტალებიცაა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს არ გაუსაჯაროებია" - თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

Channel 12-ის ინფორმაციით, ნეთანიაჰუ მზადაა ცეცხლის 6 კვირით შეწყვეტაზე დათანხმდეს, თუმცა ეს არ იქნება საბოლოოდ ომის დასრულებაზე შეთანხმება. 

NBC-სთან საუბრისას, ისრაელის მაღალი თანამდებობის წყარომ თქვა, რომ ბაიდენის მიერ გაჟღერებული პირობები უფრო მეტად შუამავლების ვერსიაა, ვიდრე ისრაელის და უცნაურია, რომ ისრაელს სჭირდება დაადასტუროს ან უარყოს პირობები, რომლის შეთავაზებასაც მას მიაწერენ

ბაიდენის თქმით, აღნიშნული შეთანხმება "აბრუნებს ყველა მძევალს სახლში, უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას, ჰამასის გარეშე ღაზაში ომის შემდეგ უკეთეს ვითარებას ქმნის და საფუძველს უყრის პოლიტიკურ განლაგებას, რომელიც როგორც ისრაელელებისთვის, ისე პალესტინელებისთვისაც უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს". 

აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება სამ ფაზად იყოფა. 

"ამ ახალ შეთავაზებას სამი ფაზა აქვს: პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს ცეცხლის სრულად შეწყვეტას, ღაზის დასახლებული ტერიტორიებიდან ისრაელის ძალების გაყვანას, ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას რიგ მძევალთა, მათ შორის ქალების, მოხუცებულებისა და დაშავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ". - თქვა ბაიდენმა. 

ბაიდენის თქმით, პირველი ფაზის განმავლობაში ისრაელი და ჰამასი "საჭირო საკითხებზე მოილაპარაკებენ, რათა მეორე ფაზაზე გადავიდნენ, რაც დაპირისპირების საბოლოოდ დასრულებას გულისხმობს". 

ბაიდენი ამბობს, რომ მეორე ფაზაში პალესტინელი მოსახლეები ღაზაში თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან და მათ ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებათ.

"საბოლოოდ, მესამე ფაზაში, ღაზას აღდგენის მსხვილმასშტაბიანი გეგმა ამოქმედდება და მოკლული მძევლების ცხედრები ოჯახებს დაუბრუნდება". - თქვა ბაიდენმა.

კომენტარები