საქართველო-უკრაინა

თალაკვაძე უკრაინის საგარეოზე: მეგობრობას ვერავინ გვასწავლის

ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს გამოეხმაურა. თალაკვაძე ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან კრიტიკა უსამართლოა.

"მეგობრობას ვერავინ გვასწავლის. რა კრიტიკაც არ უნდა გამოთქვან, ეს კრიტიკა უსაფუძვლო, უსამართლოა და ისევ და ისევ იმ ადამიანებს აზიანებს, ვინც ამას გამოხატავს [...] უკრაინა უმძიმეს ომშია. ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა". - თქვა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის განცხადებას გმობს და ხაზს უსვამს, რომ უკვე რთულია ირაკლი კობახიძის საუბრის რუსი მაღალჩინოსნების საუბრისგან გარჩევა. უკრაინის საგარეო უწყება ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ანტიუკრაინული განცხადებებისგან, რომლებიც რუსულ ნარატივებს იმეორებს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ  რომ ევრომაიდანის, იგივე ღირსების რევოლუციის შემდეგ უკრაინაში "ხელისუფლება გარედან დანიშნეს, ჯერ ერთხელ და მერე მეორედ". მან სწორედ "მთავრობის დამნიშვნელები" დაადანაშაულა რუსეთის მიერ უკრაინაში 2014 წელს დაწყებულ ომში, რომელმაც 2022 წელს სრულმასშტაბიანი სახე მიიღო. კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინა დღეს ჩამოქცეულია.

კომენტარები