რუსული კანონი

მილერი: ქართული ოცნების პარტიამ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დააშორა

პირველ რიგში, რაც შეეხება საქართველოს: ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრით საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია ანტიდემოკრატიული უცხოეთის გავლენის კანონპროექტზე, რომელიც თანხვედრაში ვერ მოდის ევროპულ სტანდარტებთან, რითაც კანონპროექტი ფაქტობრივად კანონად იქცა - აშშ გმობს ამ ქმედებას!

ამ კანონპროექტის მიღებით, მმართველმა ქართული ოცნების პარტიამ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დააშორა და საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებები უგულებელყო, რომელიც კვირებია ქუჩებში გამოდის, რათა ეს კანონი გააპროტესტოს.

ქართულმა ოცნებამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორები უგულებელყო, რომლებმაც ცხადად გამოთქვეს შეშფოთება, რომ კანონი დაღს დაასვამს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, და შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, სამომავლო ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას, და ასევე რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას.

წინა კვირას, [სახელმწიფო] მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ნებისმიერს, ვინც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს ძირს უთხრის, ასევე მათ ოჯახის წევრებს, ახლად გამოცხადებული პოლიტიკით შესაძლოა, აშშ-ს ვიზებზე წვდომა შეეზღუდოთ, რითაც [მათ] აშშ-ში მგზავრობა აეკრძალებათ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. როგორც მდივანმა ბლინკენმა წინა კვირას განაცხადა, ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ქართული ოცნების ქმედებებს, ისევე როგორც ჩვენისაზეც შევჯერდებით.

აშშ განაგრძობს საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას, მათი მხრიდან დემოკრატიული და დასავლური მომავლისკენ შრომის პარალელურად.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ, უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით წასაყვანად, რაც [ქართველი] ხალხის სურვილია.

განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა 28 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები