ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნორვეგიამ, ესპანეთმა და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფოებრიობა ფორმალურად აღიარეს

Tempo

დღეს, 28 მაისს, ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფოებრიობა ერთობლივად ფორმალურად აღიარეს.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა სატელევიზიო მიმართვისას თქვა, რომ "ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ერთი მიზანი აქვს, და ეს [მიზანი] ისრაელისა და პალესტინისთვის მშვიდობის მიღწევაში დახმარებაა".

თავის მხრივ, ისრაელმა აღნიშნული ქვეყნების გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა X-ზე დაწერა, რომ ესპანეთის პედრო სანჩესის მთავრობა "ებრაელების წინააღმდეგ გენოციდის გაღვივებასა და ომის დანაშაულებშია" თანამონაწილე.

მოგვიანებით ესპანეთს პალესტინის აღიარებაში ირლანდია და ნორვეგიაც შეუერთდა. ირლანდიის პრემიერმინისტრმა სიმონ ჰარისმა ამ გადაწყვეტილებას "მნიშვნელოვანი და ისტორიული" უწოდა.

"ეს [გადაწყვეტილება] არის რწმენა, რომ [პრობლემის] ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაჭრა ერთადერთი გზაა, რათა ისრაელმა და პალესტინამ გვერდიგვერდ იცხოვრონ მშვიდობითა და უსაფრთხოებით". - განაცხადა ირლანდიის პრემიერმა.

ხოლო ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდმა განაცხადა, რომ "30 წელიწადზე მეტია, ნორვეგია პალესტინური სახელმწიფოს იდეის ყველაზე მტკიცე დამცველია. დღეს, როდესაც ნორვეგია ოფიციალურად აღიარებს პალესტინას სახელმწიფოდ, ეს საკვანძო მოვლენაა ნორვეგიისა და პალესტინის ურთიერთობაში".

მანამდე, წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნორვეგია, ესპანეთი და ირლანდია პალესტინის აღიარებას "უახლოეს მომავალში" აპირებდნენ, ხოლო ნორვეგიის პრემიერმა იონას ჰარ სტოერემ დააზუსტა, რომ ნორვეგია პალესტინას ოფიციალურად 28 მაისს აღიარებდა.

კომენტარები