რუსული კანონი

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა: ეს კანონი გაწვეული უნდა იყოს

Information Center on NATO and EU

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე დღეში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს, ასოცირებულ წევრს, შორის პარტნიორობა 25 წელს დაითვლის.

"NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის. ჩვენ ვაღიარეთ საქართველო, როგორც კანდიდატ ქვეყნად იმ დათქმით, რომ NATO-ს წევრობა არის გზა, რომელმაც საქართველომ და ქართველებმა აირჩიეს და კონსტიტუციაში ჩაწერეს.

თუმცა, საზიარო დემოკრატიული ღირებულებები NATO-ს ალიანსის საძირკველია და ამ ღირებულებების პატივისცემა NATO-ს წევრობის აუცილებელი წინაპირობაა". - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და მის NATO-სა და EU-სკენ სწრაფვასა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. საპარლამენტო ასამბლეა წერს, რომ თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, გამოხატვის თავისუფლებას, მედია სივრცესა და სამოქალაქო საზოგადოებას სერიოზულად დააზიანებს. 

"კანონის ხელახლა წარდგენით და მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ თავისივე ხალხთან და საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული პირობა გატეხა. მშვიდობიან აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხეს და გადაწყვიტეს, რომ უახლოესი პარტნიორებისგან თვალნათელი და თანმიმდევრული მოწოდებებისთვის ყურადღება არ მიექციათ". - წერია განცხადებაში. 

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ქართველი ხალხის გვერდში დგომას განაგრძობენ, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიწვიოს ეს კანონი.

"საქართველო გზის გასაყარზე დგას. 

თუ მთავრობასა და პარლამენტს სურთ, რომ აჩვენონ საქართველოს მზაობა, მომავალში NATO-ში გაწევრიანდეს, დემოკრატიული რეფორმისა და დემოკრატიის კონსოლიდირების გზას უნდა დაუბრუნდნენ. ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა, ვეტო დაადო, ახლა გაწვეული უნდა იყოს. 

ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა, რომ დემოკრატიული საქართველო სურთ - ევროკავშირსა და NATO-ში. ამ კანონპროექტს სიმამაცით აპროტესტებდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ მათ და მათი სწრაფვების მხარდაჭერას. 

როგორც გასულ კვირას, გავაგრძელებთ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციასთან დიალოგში მონაწილეობას, რათა ეს მტკიცე გზავნილები გამოვხატოთ, მაგრამ ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის სრული მხარდაჭერა ვაჩვენოთ". - წერია განცხადებაში.

კომენტარები