ოკუპირებული აფხაზეთი

წინასწარ უნდა განვაცხადოთ, კონფედერაციის კომპრომისი შეუძლებელი იქნება – ახრა ბჟანია

ახრა ბჟანია
RFE/RL

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციაში მყოფი მოძრაობა "ეროვნულ პატრიოტული კავშირის" ერთ-ერთი ლიდერი, სეპარატისტების ომის ვეტერანთა ორგანიზაცია არუაას უმაღლესი საბჭოს წევრი და ყოფილი ე.წ. დეპუტატი ახრა ბჟანია არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან დასაახლოებლად კონფედერაციული ან ფედერაციული სახელმწიფოს შეთავაზება გაჩნდეს და ამ შემთხვევაში სეპარატისტებმა უნდა გამოიჩინონ "90-იანი წლების მსგავსი" დაუთმობლობა.

"დიდ მოთამაშეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი გლობალური ინტერესების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ აფხაზეთის ინტერესების გათვალისწინებით. თქვენი ინტერესები ვერ იქნება მსხვერპლად შეწირული, სავაჭრო მონეტის მსგავსად, ვიღაცის გეგმებისთვის." – ამბობს სეპარატისტი ვეტერანი.

ახრა ბჟანია არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-საქართველოს დაახლოების მიზნით მოსკოვმა აფხაზეთი დათმოს. მისი თქმით, ეს იქნება კონფედერაციის ან ფედერაციის შეთავაზება, თუმცა აქვე დაამატა, რომ, შეიძლება, ეს არც არასდროს მოხდეს.

"ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მოდელის სახით - კონფედერაციული ან ფედერაციული სახელმწიფო. სხვადასხვა ვარიანტებია. მაგრამ, ალბათ, ეს ხვალ არ მოხდება. შეიძლება, საერთოდ არასდროს მოხდეს. მაგრამ, თუ ეს იქნება კომპრომისი, კერძოდ, რუსეთისა და საქართველოს რეგიონული პოზიციების დაახლოებისთვის, მაშინ, დღესვე, წინასწარ უნდა განვაცხადოთ, რომ ასეთი სცენარი შეუძლებელია, რომ შეეჩეხებიან სერიოზულ წინააღმდეგობას." – თქვა ახრა ბჟანიამ.

სეპარატისტი ვეტერანისა და ოპოზიციონერის თქმით, მსგავს შემთხვევაში უნდა გამოიჩინონ ისეთი დაუთმობელი მიდგომა, როგორც 1990-იან წლებში.

"რადგან დღეს, როგორც 90-იანებში, გლობალური ცვლილებების პერიოდია. და დღეს, როგორც 90-იან წლებში, კვლავ უნდა გამოვიჩინოთ ეს დაუთმობლობა. ეს არავის უნდა ეწყინოს, რადგან პოლიტიკა ასე მუშაობს: თუ მე თავად არ ვიზრუნებ ჩემზე, თუ ჩემს ინტერესებს არ წამოვაყენებ, ჩემთვის ამას არავინ გააკეთებს." – თქვა ბჟანიამ.

"რაც დღეს საქართველოში ხდება, შეიძლება, რიკოშეტით აისახოს ჩვენზეც. მაგალითად, ამ უცხოელი აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში, ამ ფონზე კი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს რეგიონული გეოპოლიტიკური პოზიციების დაახლოებით, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის შესაძლო ზიანის მიყენებით, შეიქმნება სხვა პოლიტიკური რეალობა. და ეს სხვა პოლიტიკური რეალობა, შესაძლოა, სრულებით აისახოს აფხაზეთზეც, მათ შორის აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებზეც." – დაამატა ახრა ბჟანიამ.

რამდენიმე დღის წინ ახრა ბჟანია წერდა, რომ "არცერთი თავისუფალი საზოგადოება არ დაუშვებს უცხოელ აგენტთა შესახებ კანონის მიღებს იმ ვერსიით, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთში განიხილება". ის საუბრობდა ავტორიტარული მმართველობის საფრთხეებსა და იზოლაციაზე. აქვე ის ხაზს უსვამდა, რომ ამ კანონის საქართველოში მიღებას გავლენა ექნება ოკუპირებულ აფხაზეთზეც, რადგან თბილისი და მოსკოვი დაახლოვდებიან.

 

კომენტარები