რუსული კანონი

ჟურნალისტი პაპუაშვილს: ჯერ თქვენ ჩაეწერეთ აგენტად, შემდეგ კობახიძე, ივანიშვილი და მეოთხე მე

ბათუმელების რედაქტორი ეთერ თურაძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რეგიონალურ მედიასთან შეხვედრის დროს რუსულ კანონზე ესაუბრა და უთხრა, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების ძალა იგივეა, რაც უცხო ქვეყნის აგენტი და ის აგენტად არასდროს დარეგისტრირდება. 

"მე ძალიან დიდი ხანია, ასლან აბაშიძის პერიოდიდან ვმუშაობ ჟურნალისტად და მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მომიწია, რომ ვიყო არა კითხვის დამსმელი, არამედ ოპონირება გაგიწიოთ, იმიტომ რომ თქვენ, თქვენი ამ კანონით, ცდილობთ გვიწოდოთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა.

თუ ქართულ განმარტებით ლექსიკონს აიღებთ და წაიკითხავთ რა არის აგენტი, იქ წერია რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი. შესაბამისად, არცერთ შემთხვევაში, მე 23 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემი სამშობლოს დემოკრატიულ განვითარებას და თქვენ ვერ დამაწებებთ მაგ იარლიყს".- თქვა მან. 

ეთერ თურაძემ შეახსენა შალვა პაპუაშვილს, რომ ის და მისი კოლეგებიც მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში და შესთავაზა, რომ რეესტრის გაკეთება დაიწყონ 2000 წლიდან და თავად დარეგისტრირდნენ აგენტებად. 

"ახლა მინდა შემოგთავაზოთ ერთი წინადადება, აგენტები, როგორც წესი არ იცვლიან პროფესიას, სულ აგენტები არიან, თქვენ მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში, წინადადება მაქვს ასეთი, მოდი დავიწყოთ რეესტრის გაკეთება არა 2023 წლიდან, არამედ 2000 წლიდან და ყველა ჩავეწეროთ. ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შალვა პაპუაშვილი, რომელიც, ალბათ, მე რომ მთელი რედაქციისთვის ხელფასს ვარიგებდი 2011-10 წლისთვის, ალბათ, თქვენ ერთი ადამიანი იღებდით მაგ ხელფასს.

ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შემდეგ ბატონი პრემიერი, ირაკლი კობახიძე, შემდეგ ივანიშვილი, რომლის ფონდიც სრულად უცხოური ფულით არის შევსებული. 2000 წლიდან დავიწყოთ ბატონო შალვა, კარგით? მერე მე ვიქნები მეოთხე, რომელიც ჩაწერს, რომ უცხოური ინტერესებისთვის მუშაობს… მე ამას არ ჩავწერ, ბატონო შალვა, თქვენ ჩაწერეთ". - უთხრა მან პაპუაშვილს. 

ეთერ თურაძემ ასევე ახსენა, რომ პაპუაშვილს 1 ლარად აქვს შეძენილი რამდენიმე მილიონი ლარის ქონება და უთხრა, რომ დადგება დრო და აუცილებლად გამოიძიებს ამ საქმეს პროკურატურა. 

"მე როცა დავდევდი იმ ხელისუფლებას და ვაკრიტიკებდი პროფესიულად, ისინი მე დამდევდნენ დღისით, ღამით, მოსვენებას არ მაძლევდნენ, თქვენ იმ ხელისუფლებასთან იფორმებდით ჰექტრობით ტყეს და საძოვრებს. მე მაინტერესებს, ბატონო შალვა, ერთი რომ – როცა მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში, როცა გასცემდით გრანტებს აქაურ ენჯეოებზე, აიძულებდით, თუ არა მათ, ითხოვდით თუ არა მათგან, რომ ემუშავათ მათ უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის, თქვენ გაიძულებდნენ თუ არა, რომ გემუშავათ უცხოური ინტერესებისთვის, იღებდით თუ არა შავ ფულს?

მეორე, როცა ნაციონალური მოძრაობა არავის ახარებდა თქვენივე სიტყვებით და ახლა მას ეძახით ომის პარტიას, თქვენ როგორ გაიფორმეთ ამხელა მილიონებად ღირებული ქონება?! ტყეზე, ათ ჰექტარ  ტყეზე არის საუბარი. ჩვენ ტექნიკური შეცდომა დავუშვით, და ჩვენ ვართ მედია, რომელმაც ვაღიარეთ ეს ტექნიკური შეცდომა დავუშვით და თქვენ ეს გამოიყენეთ და იძახეთ, აი ზუსტად ამიტომაა საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონიო. არა, ბატონო შალვა.

ჩვენ ტექნიკური შეცდომა დავუშვით... მაგრამ თქვენ კანონი დაარღვიეთ, 1 ლარად შეიძინეთ 20 ჰექტარი ტყე და სახნავ-სათესი კახეთში, ალაზნის ველში, რატომ არ გააფორმეთ, ბატონო შალვა, ჩუქება და რატომ არ გადაიხადეთ შესაბამისი გადასახადები?! რატომ შეიძინეთ 1 ლარად?! ეს კრიმინალია, ბატონო შალვა, რაც ჩაიდინეთ... თქვენ პირადად, ამ დოკუმენტით ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული, და დადგება დრო და აუცილებლად გამოიძიებს თქვენს საქმეს პროკურატურა, თქვენ დამალეთ გადასახადები, ჩემი გათვლებით, დაახლოებით 200 000 ლარი მაინც, ეს თეორიაა, კანონის გვერდის ავლით გაიფორმეთ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ქონება 1 ლარად". - თქვა ეთერ თურაძემ. 

კომენტარები