ბუჩამდე იყო აფხაზეთი

აშშ-ის კონგრესში დოკუმენტური ფილმის – "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება გაიმართა

აშშ-ის კონგრესში ევროპული საქართველოსა და თავისუფლების ინსტიტუტის მიერ შექმნილი დოკუმენტურ ფილმის – "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და გამოფენა გაიმართა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ღონისძიება ასახავს იმ საზარელ დანაშაულებს, რაც რუსეთმა საქართველოში, 30 წლის წინ ჩაიდინა. 

"დღეს კონგრესში სწორედ მივიწყებულ ქართველ მსხვერპლს გავახსენებთ მსოფლიოს და გავაგებინებთ ჩვენს უძლიერეს პარტნიორს, რომ რუსეთის შეჩერება 30 წლის წინ გაცილებით უფრო ნაკლები მსხვერპლი დაუჯდებოდა მსოფლიოს. რუსეთი ხშირად ამბობს, რომ მისი აგრესია NATO-ს გაფართოებას უკავშირდება. ამას ხანდახან გამზიარებლებიც ჰყავს დასავლეთში. გვინდა, ჩვენს პარტნიორებს ავუხსნათ, რომ ეს სისულელეა და სინამდვილეში არის პირიქით. 90-იან წლებში, როდესაც რუსეთმა ჩვენ გენოციდი მოგვიწყო, NATO-ზე დისკუსიაც კი არ იყო საქართველოში, მაგრამ ის მაინც ასე იქცეოდა, ამიტომ, პირიქით, NATO-ს გაუფართოებლობა არის მიზეზი რუსეთის აგრესიის და არა NATO-ს გაფართოება" – ამბობს ჩერგოლეიშვილი.

გამოფენა და ფილმის ჩვენება ორგანიზებულია თავისუფლების ინსტიტუტის მიერ.

ასევე, 25 აპრილს ჩვენება გაიმართება American Enterprise Institute-ში. იქამდე მოეწყობა დისკუსია, რომელშიც Middle East Institute-ისა და American Enterprise Institute-ის წარმომადგენლებთან ერთად ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები