რუსული კანონი

აშშ: კრემლით შთაგონებული კანონპროექტი შეუსაბამოა გამჭვირვალობის მიზანთან

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა. 

განცხადებაში კიდევ ერთხელ არის გამოხატული იმედგაცრუება მმართველი გუნდის მიმართ და ხაზგასმულია, რომ აღნიშნული კანონი კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ ემსახურება მეტი გამჭვირვალობის დანერგვის მიზანს.

"ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, კრემლის მიერ შთაგონებული "უცხოური გავლენის" კანონპროექტის დაინიცირების გამო. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის სურვილს - ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას. საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. მიღების შემთხვევაში შემოთავაზებულმა კანონმა შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სტიგმატიზირება მოახდინოს ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ მუშაობენ და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, რომლებიც ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან. კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონი არის უადგილო, თუ მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება" – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

კომენტარები