ირანის თავდასხმა ისრაელზე

ირანის მუქარით, ისრაელის პასუხის შემთხვევაში აშშ-ს ბაზებს დაარტყამენ

მუჰამედ ბაღერი

ირანი იმუქრება, რომ ისრაელის საპასუხო ქმედებებს უფრო დიდი იერიშები მოჰყვება და სამიზნეები რეგიონში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზებიც იქნება.

"ჩვენი პპასუხი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე ამღამინდელი სამხედრო მოქმედება, თუ ისრაელი ირანს პასუხს გასცემს." - თქვა ირანელმა მაიორ-გენერალმა მუჰამედ ბაღერიმ ირანულ სამთავრობო ტელევიზიაში და ხაზი გაუსვა, რომ თეირანმა აშშ- გააფრთხილა, ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში მიზანში ამერიკულ ბაზებს ამოიღებენ.

ამას გარდა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰოსეინ სალამი ასევე დაიმუქრა, რომ ისრაელის თავდასხმის შემთხვევას მოჰყვება პასუხი.

14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

ირანს ისრაელის გარშემო, ახლო აღმოსავლეთში მარიონეტული მოკავშირეებიც ჰყავს. მათ შორის მნიშვნელოვანია შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. ამას გარდა, თეირანის მოკავშირეები არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები. ირანის მოკავშირეა თავად ჰამასიც, რომელიც სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით სუნიტურია. შიიტური დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმას 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ცდილობდნენ.

კომენტარები