ირანის თავდასხმა ისრაელზე

ბაიდენი: ისრაელს თითქმის ყველა დრონისა და რაკეტის ჩამოგდებაში დავეხმარეთ

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განცხადებაში ისრაელზე ირანისა და მისი მარიონეტი მოკავშირეების თავდასხმა "უმკაცრესად დაგმო" და თქვა, რომ ისრაელს დაეხმარნენ, თითქმის ყველა შემავალი დრონი და რაკეტა ჩამოეგდო.

"ჩემი მითითებით, აშშ-ს სამხედროებმა წინა კვირის განმავლობაში რეგიონში საჰაერო ხომალდები და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაღმოსნები გაგზავნეს. ამ განლაგებისა და ჩვენი სამხედროების არაჩვეულებრივი ოსტატობის დამსახურებით, ისრაელს დავეხმარეთ, თითქმის ყველა შემავალი დრონი და რაკეტა ჩამოეგდო". - წერია განცხადებაში. 

ბაიდენის თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და ისრაელის უსაფრთხოებისადმი ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"ვუთხარი, რომ ისრაელმა გამოავლინა აღსანიშნავი უნარი, საკუთარი თავი უპრეცედენტო თავდასხმებისგანაც კი დაიცვას და დაამარცხოს - რითაც საკუთარ მტრებს ნათელი მესიჯი გაუგზავნა, რომ ისრაელის უსაფრთხოებას ეფექტურად ვერ დაემუქრებიან". - წერს ბაიდენი.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ხვალ, 15 აპრილს, დიდი შვიდეულის (G7) ლიდერები შეიკრიბებიან და ირანის თავდასხმას საერთო დიპლომატიურ პასუხს გასცემენ.

"ჯერ ჩვენს სამხედროებსა ან ობიექტებზე თავდასხმა არ შეგვიმჩნევია, მაგრამ ყველა საფრთხის მიმართ ფხიზლად ვიქნებით და ჩვენი ხალხის დასაცავად ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას არ დავაყოვნებთ". - წერია განცხადებაში.

კომენტარები