ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისის ადვოკატი: 9 წელი განსაკუთრებული სიმკაცრით გამოტანილი განაჩენია

ლაზარე გრიგორიადისის პროცესი

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, ლაზარესთვის თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მოსამართლის მხრიდან განსაკუთრებული სიმკაცრით გამოტანილი განაჩენია. 

"დაცვის მხარეს არაერთხელ ჰქონდა ბოლო განცხადებებში, რომ არ დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი. ეს მოლოდინი გვქონდა, რა თქმა უნდა, თუმცა 9 წელს მაინც არ ვვარაუდობდით. მუხლი 7-11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 9 წელი, ვფიქორბ, რომ განსაკუთრებულად მკაცრად იყო გამოტანილი განაჩენი. პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის მუხლით განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 187-ე მუხლმა კი განუსაზღვრა 4 წელი, მაგრამ [მოსამართლემ] გამოიყენა შთანთქმის პრინციპი. 

გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ კიდეც და ახლა, მზად გვაქვს განცხადება, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით" - ამბობს ლიკა ბითაძე. 

ამ წუთებში ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები და ოჯახის წევრები პრეზიდენტთან მიდიან, რათა მსჯავრდებულის შეწყალება სთხოვონ.

"მოლოდინი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაზარეს შეიწყალებს" - თქვა გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ.

სასამართლომ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. 

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები