რუსული კანონი

8 აპრილს ლაზარეს მხარდასაჭერი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გაიმართება

8 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისში ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გაიმართება.

ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ლაზარეს საქმის დასკვნითი პროცესის დროს გაიმართება. ამავდროულად, მეორე აქცია ჩატარდება პარლამენტთან, სადაც ქართული ოცნება ხელახლა იწყებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ პროცედურებს.

"ორშაბათს, 14:00 საათზე, ჩვენ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ კავშირი იმ პროცესებს შორის, რომელიც პარალელურად ვითარდება პარლამენტსა და სასამართლოში! გთავაზობთ, რომ გადავნაწილდეთ და შევიკრიბოთ როგორც პარლამენტის უკან, ასევე სასამართლოს წინ!

1989 წლის 9 აპრილიდან 35 წლის შემდეგ, ქართველ ხალხს ისევ უწევს ბრძოლა რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. ერთად დავიცვათ 9 აპრილის გმირების მონაპოვარი და არ დავუშვათ საქართველოს რუსეთიზაცია!" – წერენ აქციის ორგანიზატორები.

3 აპრილს, ქართულმა ოცნებამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობასთან" დაკავშირებული რუსული კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა, რასაც ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან ერთად დასავლელი პარტნიორების მხრიდამ კრიტიკა მოჰყვა. 

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს, სწორედ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

ლაზარეს საქმე წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა და დასკვნითი პროცესი უკვე რამდენჯერმე გადაიდო. 

 

კომენტარები