გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი: ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაიწვიოს კანონპროექტი

UN Human Rights

ქართული ოცნების მიერ "რუსული კანონის" ხელმეორედ მიღების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ორგანიზაციამ სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა.

"ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც "გარე ძალის ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციების" იარლიყს აკრავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, რომლებიც თავის დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას". – წერია პოსტში.


3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება. 

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები