დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ირანის შურისძიების მუქარის ფონზე, ისრაელმა საჰაერო თავდაცვის რეზერვისტები გამოიძახა

რკინის გუმბათის სისტემა მოქმედებაში, 13 მაისი, 2021
The Times of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ირანის შურისძიების მუქარის ფონზე, საჰაერო თავდაცვის რეზერვისტები გამოიძახა.

ისრაელის მე-12 არხის ცნობით, ქვეყანაში ირანის საპასუხო მოქმედებებთან დაკავშირებით გამოცხადებულია მაღალი მზადყოფნა.

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

სამხედრო მაღალჩინოსნების დაკრძალვის ცერემონია 5 აპრილს ე.წ. ყუდსის საერთაშორისო დღეს, თეირანში გაიმართება. ყუდსის დღე არის პროპალესტინური ღონისძიება, რომელიც რამადანის თვის ბოლო დღეს იმართება. სახელი მომდინარეობს იერუსალიმის არაბული სახელიდან – ალ-ყუდს.

როდესაც გასული წლის დეკემბერში ისრაელის იერიშის შედეგად სირიაში ირანის მიერ გაგზავნილი მთავარი მრჩეველი მოკვდა, პასუხად თეირანმა სარაკეტო იერიშები ერაყში, ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში მიიტანა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ სამიზნე ისრაელის აგენტები იყვნენ. დარტყმის შედეგად დაიღუპა ბიზნესმენი, უძრავი ქონების მაგნატი, ფეშრავ დიზაიე, მისი ცოლი და ოჯახის სხვა წევრები, მათ შორის ახალშობილი ქალიშვილი.

კომენტარები