Meta-ს სოციალური ქსელების, WhatsApp-ისა და Instagram-ის მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან წერენ, რომ აპლიკაციები ზოგიერთ რეგიონში გაუმართავად მუშაობს.
მომხმარებლების ცნობით, WhatsApp-ის აპლიკაცია არ იხსნება, ან არ შეუძლიათ მესიჯების გაგზავნა. ზოგიერთი ვერ ხსნის პროგრამის ვებვერსიას.
რაც შეეხება Instagram-ს, მისი მომხმარებლები სხვადასხვა პლატფორმებზე წერენ, რომ არ შეუძლიათ პოსტების დადება, "სთორის" გახსნა.
სოციალურ ქსელ Reddit-ზე მომხარებლები ამბობენ, რომ გარკვეული ხარვეზებით მუშაობს Facebook-იც.
NetBlocks-ი, პროექტი, რომელიც ინტერნეტაქტიურობას აკვირდება, წერს, რომ Instagram-სა და WhatsApp-ს საერთაშორისო ხარვეზი აქვს. WhatsApp-ის გაუმართაობაზე ცნობა გაავრცელა Downdetector-მაც.
Downdetector-ის ცნობით, WhatsApp-ის მუშაობის პრობლემამ შეაწუხა აშშ-ში სულ მცირე 12 000, ინდოეთში 20 000, დიდ ბრიტანეთში 46 000, ბრაზილიაში კი - 42 000 მომხმარებელი. ამავე ცნობით, აშშ-ში Instagram-ის მუშაობის ხარვეზთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა 4 800-მა ადამიანმა.
Meta-ს, რომელიც მსგავს შემთხვევებს გვიან ეხმაურება და კონკრეტულ დეტალებს არ ასახელებს, აპლიკაციების ხარვეზებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
გასულ თვეში Facebook-ისა და Instagram-ის ათიათასობით მომხმარებელს შეეხო გათიშვა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. როგორც Meta-ში განმარტეს, ეს ხარვეზი დაკავშირებული იყო ტექნიკურ საკითხთან.