გენდერული კვოტირება

წილოსანი: კვოტირებამ გარკვეულწილად უკვე მიაღწია ამოცანას

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შემდეგ, 2024 წლის 21 თებერვალი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი უმრავლესობის ქალი დეპუტატები სახელით გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება. პოსტში აღნიშნულია, რომ კვოტირება ქალთა გაძლიერების "დროებითი, მაგრამ არა ერთადერთი ზომა იყო და მან  "გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას".

წილოსანის თქმით, უმრავლესობა ქალების გაძლიერებას არა ფორმალური და სავალდებულო ჩანაწერების შესრულებით, არამედ მათი ინიციატივებით შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებით გააგრძელებენ.

"უმრავლესობის ქალი დეპუტატების სახელით გვსურს კვოტირების თემაზე მიმდინარე პროცესს გამოვეხმაუროთ.

ქალების გაძლიერების ათწლეული ჩვენ პოლიტიკურ გუნდს უკავშირდება. სავალდებულო გენდერული კვოტირება და სხვა ბევრი ინიციატივაც სწორედ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენი, საპარლამენტო უმრავლესობის ინიცირებული და მხარდაჭერილი იყო.

ნათელია, რომ სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა. ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას - პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობა გაიზარდა და ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა. ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტული არასდროს ყოფილა ქალების მხოლოდ რაოდენობრივი მონაწილეობა. პოლიტიკურ სფეროში არსებითი თანასწორობის მიღწევა გრძელვადიან, შენარჩუნებად შედეგებზე ორიენტირებასა და თვისობრივი ჩართულობის უზრუნველყოფას მოითხოვს.

ქალების სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაში გადამწყვეტ როლს პოლიტიკური პარტიები თამაშობენ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი იმ პრინციპების ერთგული რჩება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში მხარს ვუჭერდით და ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ქალების გაძლიერებისთვის, მათ შორის, არა ფორმალური და სავალდებულო ჩანაწერების შესრულებით, არამედ ჩვენი საკუთარი ინიციატივებითა და შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებით. Სწორედ ამიტომ შევქმენით 2 წლის წინ პარტიის ქალთა ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს, აძლიერებს მათ და აძლევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქალების გაძლიერებაზე აღებული პასუხისმგებლობის ერთგული რჩება და აგრძელებს ქალების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებას. სწორედ ეს არის ქალთა არჩევით ორგანოებში წარმომადგენლობის სტაბილური ზრდის სწორი გზა". - წერს წილოსანი Faceboook-ზე.

კომენტარები